თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი   სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის  (AMEE)   რეგიონული ცენტრი ხდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული ცენტრი ხდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) 2019 წლის 23 მაისს  დაფუძნდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE-ს) რეგიონული წარმომადგენლობა - საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი.  ეს არა მხოლოდ თსსუ-ის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებაა: საქართველო  სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია  ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში საქართველოსთვის ეს უკვე მეორე აღიარებაა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ჰაბად: თავდაპირველად, 2018 წლის ნოემბერში  საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  სამედიცინო განათლების მსოფლიო  ფედერაციის (WFME) მიერ მააკრედიტებელი სააგენტოს სტატუსი მიენიჭა, ახლა კი  – უკვე  AMEE-ს წარმომადგენლობა  იხსნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

სამედიცინო განათლების საერთშორისო ასოციაცია (ცნობილი, როგორც ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია - AMEE,  Association for Medical Education in Europe),  დაარსებული 1972 წელს დიდ ბრიტანეთში, ამჟამად  გლობალური ორგანიზაციაა, რომელშიც გაწევრიანებულია ხუთივე კონტინენტის 90-ზე მეტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ნაციონალური სამედიცინო ასოციაციები. AMEE-ს ხელმძღვანელობითაა განხორციელებული ყველა ინოვაცია სამედიცინო განათლების სფეროში, შემუშავებულია საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო განათლების სტანდარტები და გაიდლაინები, ტარდება ყოველწლიური კონფერენციები, მასტერ-კლასები და სიმპოზიუმები, გამოიცემა ჟურნალები, სახელმძღვანელო ლიტერატურა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.  

დღემდე მსოფლიოში AMEE-ს მხოლოდ 2 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს გახსნილი; მესამე ოფისი,  უკვე საქართველოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში  საქართველოს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს სამედიცინო გაანათლების სტანდარტების დამკვიდრებაში გაუწევს კოორდინაციას.  მესამე წარმომადგენლობის  ამოქმედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და აღიარებაზე მეტყველებს.  ამის საფუძველი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებებია სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის, სწავლისა და სწავლების სფეროში, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვაში, ასევე, ეფექტური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში: 

აქტიური თანამშრომლობა AMEE-სთან 2000 წლიდან, ერთობლივი მასტერ-კლასები სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად, ერთობლივი ნაშრომები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგაში, მონაწილეობა ყოველწლიურ კონფერენციებსა და ვორქშოპებში;

თსსუ–ის მონაწილეობა სამედიცინო განათლების თემატური ქსელის MEDINE-2-ის საქმიანობაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ქვვეყნებში ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისი სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავების მიზნით; 

თსსუ–ში  განხორციელებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში", ევროკომისიის მიერ აღიარებულია  ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ  პროექტად. იგი  მიზნად ისახავდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავებას და დანერგვას საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში. 

AMEE-ს რეგიონული ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ლიდერებთან, მათი გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტების ეფექტურ ამოქმედებას, უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებას და რეიტინგის ამაღლებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მათ შორის იმის გავითვალისწინებთ, რომ  თსსუ–ში ამჟამად 2300-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 68 ქვეყნიდან;  თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამედზე მეტი – 38%  უცხოელია.

საქართველოში AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.

 პირველი 5-დღიანი კურსი „ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში" ჩატარდება წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის დღიდანვე.  ტრენინგს გაუძღვება AMEE-ს დირექტორატის წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. AMEE-ს ოთხი კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 

მომავალში დაგეგმილია სასწავლო კურსები შეფასების, სამეცნიერო კვლევის, აკადემიური პერსონალის სწავლების უნარების შეფასების, სამედიცინო განათლების მენეჯმენტის, სიმულაციის და კლინიკური სწავლების საკითხებზე. ქართულ  ენაზე  გამოიცემა AMEE-ს  ჟურნალის "Medical Teacher" დაიჯესტი, სამედიცინო განათლების  AMEE-ს  სტანდარტები. 

საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება 2019 წლის 23 მაისს, 10:00სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “საბჭოების დარბაზში”.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თსსუ-ის ადმინსტრაციული კორპუსი, I სართული.