სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორი  ზვიად გაბისონია თსსუ-ს ეწვია

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია თსსუ-ს ეწვია

2019  წლის 25 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან და მკვლევარებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა 2019  წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში მეცნიერების  მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების, პროექტებისა და ინიციატივების სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურისთვის გაცნობა.

შეხვედრაზე, ბატონმა  ზვიად გაბისონიამ შემდეგი აქცენტები გამოკვეთა, რომლის გადაჭრა  უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს: ქვეყანაში მეცნიერების პოპულარიზაცია, საერთაშორისო კვლევების რაოდენობის გაზრდა, სამეცნიერო ინდუსტრიული და კერძო სექტორის კოლაბორაციული ურთიერთობების წახალისება, სამეცნიერო კვლევით აქტივობებში ეკონომიკური სექტორის ჩართულობის გაზრდა, რათა მოხდეს გამოყენებითი კვლევების წარმოების აქტივაცია და მათი კომერციულ ტრანსფერებად გარდაქმნა.

შეხვედრაზე, საზოგადოებას ასევე წარედგინა ის ცვლილებები, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ უკვე განხორციელდა, ან რომლის განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს  ერთიან  პან-ევროპულ სამეცნიერო სივრცეში გაწევრიანება და ღია პლატფორმაზე გადასვლა, ფონდში საგრანტო განაცხადების წარდგენის ტექნიკური კრიტერიუმების გამარტივება, უნივერსიტეტის წარმომადგენლების გადამზადების მიზნით  საგრანტო განაცხადების მართვის  ტრენინგ ცენტრის შექმნა,  სამეცნიერო საძიებო ბაზების მიმართ უნივერსიტეტების წვდომის გაზრდა, მათ შორის  Elsevier-ისა და Clarivait Analitics-ის ბაზების შეძენა და ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების მიზნით სახელობითი სტიპენდიების შემოღება.