შეხვედრა თსსუ-ის კურსდამთავრებულთან, ქალბატონ მანანა კვეზერელთან

შეხვედრა თსსუ-ის კურსდამთავრებულთან, ქალბატონ მანანა კვეზერელთან

3 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი თსსუ-ის კურსდამთავრებულს, ამჟამად კომპანია სელმაქს ლაიფის (კალიფორნია, აშშ) კლინიკურ დირექტორს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ მანანა კვეზერელს შეხვდნენ.

ქალბატონმა მანანამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  2004 წელს დაამთავრა. ის იყო წარმატებული სტუდენტი და  გამოირჩეოდა, როგორც  უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიურ პროცესში ჩართულობით, ასევე,  კურიკულუმის მიღმა ინტენსიური აქტივობით.  მე-3 კურსიდან , ის თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიაში, პროფესორ თინათინ ჩიქოვანთან ერთად მუშაობდა და აქიტურად იყო  ჩართული კვლევით საქმიანობაში, რის შედეგადაც სტუდენტობის პერიოდში არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი გახდა.  მანანა კვეზერელი სტუდენტობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში.  როგორც საერთაშორისო სტუდენტმა,  მან არაერთი დაფინანსება მოიპოვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს , რომ იმ პერიოდში დაფინანსების მოპოვება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კვლევის მიმართულებით, მანანა კვეზერელი ჩეხეთში მოღვაწეობდა , ხოლო შემდგომ, სტენფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფში, გარისონ ფატმანის ხელმძღვანელობით. მისი შემდგომი კარიერული განვითარება პრაქტიკულ მედიცინას უკავშირდება. სტენფორდის უნივერსიტეტში ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ის გადადის პრაქტიკულ მედიცინაში და კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბარებს ადგილობრივ გამოცდებს და  ლაბორატორიული მედიცინის სპეციალობით აგრძელებს სწავლას კალიფორნიის უნივერსიტეტში. დღესდღეობით ის  სელმაქს ლაიფის კომპანიის (კიბოს დიაგნოსტიკის კომპანია) კლინიკური დირექტიორია. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, არ წყვეტს კავშირს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.

,,ქალბატონი მანანა ყოველთვის ცდილობს  საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მომავალ თაობას, დღესაც ის აქტიურად თანამშრომლობს თსსუ-ის დოქტორქანტებთან და სტუდენტებთან. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ჩვენმა  სტუდენტებმა შექმნეს ვებგვერდი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფს ახალი პრეპარატების დამტკიცების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას  და კლინიკურ პრაქტიკაში მათ გამოყენებას. მიმდინარე სემესტრში ქალბატონი მანანა მოწვეული არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საკუთარი ელექტიური პროგრამით - "დიაგნოსტიკა პერსონალიზებურ მედიცინაში".   მისი ჩამოსვლა, ასევე,  უკავშირდება კიბოს იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას. სადაც მანანამ ისაუბრა თხიერ ბიოფსიაში უახლეს მიღწევებზე და მის როლზე კიბოს დიაგნოსტიკაში". აღნიშნა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა.

შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ურთერთობები და  რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში სტუდენტებისთვის.  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქალბატონ მანანა კვეზერელს უნივერსიტეტთან ასეთი მჭიდრო კავშირისა და ინიციატივებისთვის და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივებს უნივერსიტეტი აქტიურად დაუჭეს მხარს.