ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ღია კარის დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 2 მარტს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თსსუ-ში სწავლით დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ღია კარის დღეზე, უმასპინძლა.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მედიცინის, მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი პროგრამები, ასევე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა და საექთნო და პროფესიული პროგრამები. თითოეულ სტენდთან სტუდენტები დეტალურად ეცნობოდნენ უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებს.

ღონისძიება გაჯერებული იყო სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან ერთად თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტები და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებდნენ. 

აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ  რეანიმაციულ და ინტენსიურ თერაპიასთან დაკავშირებულ აქტივობებს, სტომატოლოგიურ კაბინეტს, ფარმაცეპტულ მინიქარხანას, იხილეს პირველადი დახმარების აღმოჩენის მასტერ-კლასი, რომელზეც თავადაც შეძლეს განეხორციელებინათ მანიპულაციები თანამედროვე მულაჟებზე: სისხლდენის კუპირება, ინექცია და სხვა რიგი პრაქტიკული აქტივობები. ასევე მიიღეს ინფორმაცია გრიპისა და წითელას ინფექციის პრევენციასთან დაკაშირებით. 

სტუდენტურმა თვითმმართველობამ, სტუმრებისთვის  წარმოადგინა ინტერაქტიული  გათამშებები,  რომელიც მოიცავდა კითხვებს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან. გამარჯვებულებს, გადაეცათ სამედიცინო აქსესუარები და უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები. 

ღია კარის დღეზე მოსულ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  გააცნო პრეზენტაცია უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-აკადემიურ პროცესზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაცვლით პროგრამებზე და სხვა აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ინტერაქტიულ რეჟიმში, თსსუ-ში სწავლის მსურველ მოსწავლეებს კითხვებზე პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმაც გასცეს.

იხილეთ ღია კარის დღის ფოტოები:

ბმული N1
ბმული N2
ბმული N3

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია