თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018  - საზეიმოდ დაიხურა

თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018 - საზეიმოდ დაიხურა

18 დეკემბერს,  „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციისა“ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელებული პროექტი -  „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“  საზეიმოდ დაიხურა. 

პროექტი უკვე მესამედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა დედაქალაქში არსებული  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც ერთმანეთს  სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სპორტული აქტივობები მოიცავდა:  მინი ფეხბურთს, ფრენბურთს, ჩოგბურთს, ქუჩის კალათბურთს, მაგიდის ჩოგბურთსა და ბოულინგს. შეჯიბრებები ტარდებოდა როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის. კულტურული მიმართულებით ფესტივალის აქტივობას მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - "ნიღაბი 2018"- წარმოადგენდა, რომელსაც თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. 

თსსუ აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის მიმდინარეობაში, სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ თითოეულ სპორტულ შეჯიბრებაში, სადაც  უნივერსიტეტის წარმომადგენელი, გოგონებს შორის მაგიდის ჩოგბურთის, გამარჯვებული  გახდა.  კულტურული მიმართულებით, უნივერსიტეტი თეატრალურმა დასმა  - „ჰიგიამ“,  სპექტაქლით - ,,სიკვდილი ღრუბლებში“ - წარადგინა.  "ნიღაბი 2018-ის" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტებმა  სამ  ნომინაციაში  მოიპოვეს გამარჯვება.

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018-ის“ საზეიმოდ დახურვის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან ფესტივალს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია დაესწრო. პროექტის ორგანიზატორებმა პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს ანა კაკაბაძეს, ფესტივალში თსსუ-ის აქტიური მონაწილეობისთვის, ჯილდო და მადლობის სიგელი გადასცეს.

ფესტივალის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება წარმოადგენდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება.