ტონი მემელმა თსსუ-ის შემდეგ კონცერტი  ბათუმში, კენ ვოლკერის სახელობის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართა

ტონი მემელმა თსსუ-ის შემდეგ კონცერტი ბათუმში, კენ ვოლკერის სახელობის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ, ამერიკელმა მუსიკოსმა ტონი მემელმა კონცერტი 19 აპრილს ბათუმში, კენეტ ვოლკერის სახელობის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო  კლინიკაში შშმ პაციენტებისათვის გამართა. მუსიკოსმა კლინიკაში შეკრებილ პაციენტებსა და მათ მშობლებს საკუთარ ცხოვრებაზე ესაუბრა და გაუზიარა, როგორ მიაღწია დასახულ მიზანს და აისრულა ოცნება. 

ტონი მემელს აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით, ის თავად წერს და ასრულებს სიმღერებს. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის სპიკერიცაა,  მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები.

ტონი მემელი (მუსიკოსი, კომპოზიტორი): „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით საქართველოში ვიმყოფები, კონცერტებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ვატარებ. დღეს ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,  დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია“. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი ტონი მემელი საქართველოს ბენდთან ერთად,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, სტუმრობს. კენ ვოლკერის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბენდის კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ირაკლი ნატროშვილი (კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი): „გვესტუმრა ამერიკელი მუსიკოსი, ტონი მემელი, რომელიც დაბადებიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მან ბავშვობის ოცნება, დაეკრა გიტარაზე, აისრულა:  შექმნა ბენდი და მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჯერად, აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფება საქართველოში. ჰქონდა მასშტაბური კონცერტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც ჩამოვიდა ბათუმში და კონცერტი გამართა ჩვენი კლინიკის პაციენტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისათვის. ტონი ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. 

ზურაბ თენიეშვილი (აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე): „ტონი მემელი გახლავთ დიდი სტიმული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს ატარებს. ამერიკელი მუსიკოსისა და მისი ბენდის არაჩვეულებრივი წარმოდგენა მიუთითებს კიდევ ერთხელ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია“.

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული კონცერტის ბოლოს ტონი მემელმა და მისი ბენდის მუსიკოსებმა კლინიკის პაციენტებთან და წარმომადგენლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ტონიმ კლინიკის ადმინისტრაციას ბენდის მუსიკალური ალბომი და ავტოგრაფი უსახსოვრა. 

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ბათუმში, ბაქოს ქუჩის N8-ში (ყოფილი გოგებაშვილის N40)  2018 წლის ნოემბერში გაიხსნა.  კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. ცენტრში დასაქმებულია „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები: ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, შეიქმნა USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის - "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " - ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით. კლინიკის გენერალური დირექტორია ირაკლი ნატროშვილი.