თსსუ-ში ბედნიერების მონუმენტის  საზეიმო  გახსნის  ცერემონიალი გაიმართა

თსსუ-ში ბედნიერების მონუმენტის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 1 თებერვალს ცნობილი ექიმის, პროფესორ არსენ  გვენეტაძის მიერ უნივერსიტეტისთვის მიძღვნილი  ბედნიერების მონუმენტის  საზეიმო  გახსნის  ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა და მადლობა გადაუხადა ექიმს, პროფესორ არსენ გვენეტაძეს განსაკუთრებული საჩუქრისთვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას დაინტერესებისა და მობრძანებისათვის. 

ბედნიერების მონუმენტის გახსნის ცერემონიალზე საგანგებოდ ჩამოვიდნენ  8 ქვეყნის , წარმატებული  ექიმები, პროფესორები და ბიზნესმენები, რომელთა თანამონაწილეობით  სიმბოლურად დაარსდა ბედნიერების საერთაშორისო აკადემია. მათივე განმარტებით,  აკადემიის მიზანია  გახადოს ადამიანი უფრო ბედნიერი და ამით  გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი. „ბედნიერ  თანამოაზრეთა“  იდეა წარმოადგენს ბედნიერების  სკვერისა და მონუმენტის  ტირაჟირებას, იმპორტირებას  საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო სივრცეებში. 

მონუმენტის შესახებ:

სკულპტურული კომპოზიცია „ბედნიერება“ წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი. სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო! „დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ „ბედნიერებაა“  ცალკეული ადამიანისა და  მთელი სამყაროსათვის,  რამეთუ  ყველა ამ ცნების ერთობლიობა  ანიჭებს  ადამიანს  შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას!  სკულპტურა პატივისცემით  მიეძღვნა  და  გადაეცა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

მოქანდაკე -  ლევან ვარდოსანიძე, იდეა - არსენ გვენეტაძის.