თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის   მცირე ჯგუფის კოორდონატორების სასწავლო ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მცირე ჯგუფის კოორდონატორების სასწავლო ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მცირე ჯგუფის კოორდინატორები ათდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, აშშ-ში. მედიკოსების გვანცა ვარდოსანიძის, ნანი ყავლაშვილის, გვანცა მეცხვარიშვილის, ნინო თორიას, ელენე აზმაიფარაშვილისა და ნინო ქანთარიას ატლანტაში მივლინების მიზანი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე ამერიკელი კოლეგებისგან მცირე ჯგუფებთან მუშაობისა და ჯგუფების კოორდინირების პრინციპების შესახებ გამოცდილების მიღება იყო. 

ვიზიტის ფარგლებში მცირე ჯგუფის კოორდინატორებს შეხვედრა ჰქონდათ ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ასისტენტ-დეკანთან, პროფესორ  გორდონ ჩარჩვორდთან. სწორედ მისი ორგანიზებით დაესწრნენ ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ემორის უნივერსიტეტში რამდენიმე (მათ შორის, აკადემიური პერსონალის განვითარების) ტრენინგს. შეხვედრა შედგა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელთან ჯინა შენონთანაც, რომლის მხარდაჭერითა და შუამდგომლობით მცირე ჯგუფის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის (OSCE) მზადების სამუშაო პროცესში და დააკვირდნენ გამოცდის მიმდინარეობას, დაესწრნენ გამოცდისშემდგომი შეფასების პროცესს. გარდა ამისა, სტანდარტიზებულ პაციენტთან და მიწვეულ სპეციალისტთან ერთად განიხილეს განსაკუთრებით რთული შემთხვევები, მათ შორის, რთულ პაციენტთან ურთიერთობის გამოწვევები. 

ექიმმა ლიზა ბერსტეინმა ქართველ კოლეგებს გააცნო ,,გახდი ექიმის“ კურსის კურიკულუმი, მცირე ჯგუფების კოორდინატორების მუშაობის პრინციპები, მათი პროფესიული განვითარებისა და სტუდენტებთან მუშაობის ძირითადი ასპექტები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუდამ ზრუნავს პერსონალის განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კოორდონატორები ემორის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებენ პროგრამის სტუდენტებთან ურთიერთობაში, სწავლების პროცესის მაღალ დონეზე დაგეგმვასა და მის სწორად განხორციელებაში.