უცხოური ენების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უცხოური ენების ცენტრის დირექტორის, პროფესორ ნინო აბრალავას მივლინება გერმანიაში

უცხოური ენების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უცხოური ენების ცენტრის დირექტორის, პროფესორ ნინო აბრალავას მივლინება გერმანიაში

2018 წლის 06 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უცხოური ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ნინო აბრალავა მივლინებით გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრს როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო კუთხით, დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს  მიუნსტერის უნივერსიტეტთან. 

პროფესორმა ნინო აბრალავამ გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობის  შემდეგი ასპექტები განიხილა:

2018-2019 სასწავლო წლების სასწავლო გეგმები და სახელმძვანელოები. ასევე პროგრამების შინაარსობრივი მხარე.

გერმანულსა და ინგლისურ ენებში, როგორც ზოგად, ასევე დარგობრივ ენებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული სემინარების დაგეგმვა.      

telc - ის საერთაშორისო სერტიფიკატის საქართველოში შესაძლო დამკვიდრების პერსპექტივები.

(telc - ის  სერტიფიკატი მისაღები გამოცდებიდან ათავისუფლებს, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა დაიწყონ ან გააგრძელონ გერმანიის უნივერსიტეტებში). 

გერმანიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წელიწადში ერთხელ ჩაატაროს  telc - ის  გამოცდა. (ამ გამოცდის ჩატარება უნივერსიტეტისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც  ამ ეტაპზე მისი განხორციელება ვერ ხერხდება).

2019 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიგეგმა საერთაშორისო კონფერენცია სამედიცინო დარგობრივი გერმანული და ინგლისური ენების სწავლების მეთოდიკის კუთხით. ამ კონფერენციაში ჩაერთვებიან  უცხოელი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

რაკი 2018 წლის მაისში უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულმა სტუდენტურმა კონფერენციამ დიდი ჩართულობა გამოიწვია, დაიგეგმა ამ სამეცნიერო კონფერენციაშიც  სტუდენტების აქტიური ჩართვა.

პროფესორი ნინო აბრალავა მიუნსტერის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში ესაუბრა მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროს ექიმს ქალაქ  Soest - ში, ბ-ნ Dr. Alexey Dushin- ს. უნივერსიტეტის რექტორის სახელით გადაუხადა მადლობა თანამშრომლობისა და იმ მზრუნველობისათვის, რასაც ის თსსუ-ის სტუდენტების მიმართ იჩენს. 

ისაუბრეს მისი და ნევროლოგიის კლინიკის დირექტორის ბ-ნ Dr. Bertram Holinka-ს სამუშაო ვიზიტის  დეტალებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ბატონმა დუშინმა მადლობა შემოუთვალა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვევისათვის და მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე მოლაპარაკების მიზნით.  

აღსანიშნავია ის, რომ შეთანხმება, რასაც აღნიშნულ კლინიკაში, პროფესორმა აბრალავამ პირველი ვიზიტის დროს 2017 წლის ზაფხულში მიაღწია, წარმატებით ხორციელდება; 2017 წლის სექტემბრიდან ყოველთვიურად მიემგზავრება ორი სტუდენტი მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში პრაქტიკის გასავლელად.  მათ აქვთ უფასო საცხოვრებელი და სამჯერადი კვება.  ბოლო ათი თვის განმავლობაში მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოსტში 20 სტუდენტი და რეზიდენტი იმყოფებოდა.  დუშინმა აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი პროფესიული თეორიული ცოდნით და გერმანული ენის მაღალი დონით, ასევე ისინი ძალიან მოტივირებულები და ორგანიზებულები არიან, რაც კლინიკის ხელმძღვანელობის დიდ კმაყოფილებას იწვევს. ის მზად არის ასევე სამეცნიერო მუშაობის მიზნით კლინიკაში მიიწვიოს ქართველი დოქტორანტები და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელობაც გაუწიოს.

მივლინების პერიოდში პროფესორი აბრალავა იმყოფებოდა ქალაქ ბონში, სადაც დასაქმებისა და შრომის სამინისტროში შეხვდა ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც გასცემენ დასაქმებისა და პრაქტიკის გავლის ნებართვას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებისთვის. სამინისტროში ვიზიტის დროს, ხაზი გაესვა სტუდენტებისთვის ამ პრაქტიკებისა და გერმანიის კლინიკებთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს ვიზიტი სამომავლოდ ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რათა მათ შედარებით მოკლე ვადებში მიიღონ ნებართვა ან კონკრეტულ შემთხვევებში დაჩქარდეს კიდევაც ნებართვის გაცემა გერმანიაში პრაქტიკის გავლის მიზნით.