ვიზიტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია)

ვიზიტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია)

2019 წლის 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით, თსსუ-ის რექტორი  პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე,  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  ქალაქ ინსბრუკში (ავსტრია). ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ინსბრუკის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ვოლფგანგ ფლაიშჰაკერთან, ინსბრუკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამეცნიერო მიმართულების საკითხებში, პროფესორ ქრისტინე ბანდლოვთან და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ საბინა ედლინგერთან. შეხვედრის მიზანი იყო ორ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის საკითხების განხილვა და შემდეგი სამუშაო შეხვედრის დროს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საუბარი შეეხო სტუდენტების საზაფხულო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ერაზმუს + პროექტში ჩართულობას, აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების წარმოებას, ტელემედიცინის სამსახურის გამართვას, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების სტაჟირებას ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.  

ვიზიტის ფარგლებში  შედგა სამუშაო შეხვედრა  ინსბრუკის  უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ტილმან მერკთან და საერთაშორისო სერვისების ხელმძღვანელთან, ქალბატონ ბარბარა ტასსერთან. შეხვედრის დროს დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინბსრუკის უნივერსიტეტს შორის.

საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიტიკური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან პროფესორ გიუნტერ ბონთან და ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. დაიგეგმა გაცვლითი პროექტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისთვის, ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ  ყველა შეხვედრას ესწრებოდა თსსუ-ის საპატიო დოქტორი,  ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ქალბატონი ირმა კვიცარიძე,  რომელსაც  დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა  და ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტმა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტში  წარმატებით ჩაიარა, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.