საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი ქალაქ ბათუმში

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი ქალაქ ბათუმში

მიმდინარე წლის 28 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში ჩატარდა საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი, რომლის ორგანიზატორები გახლდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ და  აჭარის მთავრობა, თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ პატარაძის, ხელმძღვანელობით. 

კონგრესის პრეზიდენტი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის N4 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და რეზიდენტები.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა 30   ქვეყნის  1100-მდე    დელეგატი, მათ შორის - 43  სპიკერი  ევროპის, ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან, რომელთა უმრავლესობა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერია.

კონგრესი გაიხსნა ბათუმის სახელოვნებო ცენტრში.  მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

კონგრესის ფარგლებში, პარალელურად მიმდინარე 24 სიმპოზიუმზე, წარმოდგენილი იყო 90 პრეზენტაცია რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტთან დაკავშირებით: ონკოლოგიასა და ქირურგიაში, კრიტიკულ მედიცინასა და ინფექციურ დაავადებებში, პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში, ასევე, ალერგიის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, ტუბერკულოზსა და ასთმის შესახებ.  უცხოელ კოლეგებთან  ერთად კონგრესზე მოხსენებები წარადგინეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა.

კონგრესის   დასრულების   შემდეგ,   კვირას, 1  ივლისს   ჩატარდა   გარბენი სლოგანით - „ირბინეთ  მეტი,  ისუნთქეთ  მეტი,  იცოცხლეთ  მეტი“.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რესპირაციული ასოციაცია  არის ევროპის რესპირაციულ საზოგადოებათა გაერთიანების (FERS- Forum of European Respiratory Society) წევრი.მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას 2009 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა პრემია.