თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ახალი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა

2023 წლის 29 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სოციალური დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, აგრეთვე ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და ჩეხეთის ორგანიზაცია „კარიტასი“-ის საქართველოს  ოფისის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე. 

აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო კლინიკის ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის განყოფილებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა. ამ ღონისძიებით ჩეხეთის ორგანიზაცია „კარიტას“-მა, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისის საჭიროებისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის ფინალური ეტაპი დაასრულა.

სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ,  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ ალექსანდრე ბუაჩიძემ უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში" პროექტის განხორციელების მიზნით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა  მემორანდუმი, რომლის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედება დაიგეგმა. 

კლინიკის ახალი კორპუსის მშენებლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დააფინანსა, ხოლო ჩეხეთის მხარე, პროექტის ფარგლებში ახორციელებს ცენტრის აღჭურვას მაღალი სტანდარტების სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით. მემორანდუმის ფარგლებში თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზაზე გაიხსნა ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი.