თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება - 2024

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება - 2024

2024 წლის 13 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები 17 ქვეყნის 131-მა  სტუდენტმა დაასრულა.

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ეს დღე არის ახალი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში, პროფესიულ კარიერაში. თქვენ უკვე შეუერთდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უწყვეტ ჯაჭვს, განსაკუთრებულად ნიჭიერ და გავლენიან საზოგადოებას, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია.

ვულოცავ თქვენს ოჯახებსა და მეგობრებს. ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა სწორმა მიდგომებმა ხელი შეუწყო იმ ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც თქვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში მოიპოვეთ, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ თსსუ-ის აკადემიური პერსონალი ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ში, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა  საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!