ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გადამზადებული სპეციალისტების დაჯილდოება თსსუ-ში

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გადამზადებული სპეციალისტების დაჯილდოება თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის, ემორის უნივერსიტეტის

და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)

ერთობლივი პროექტის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფიზიკური რეაბილიტაციის

მიმდინარე პროექტის ფარგლებში გადამზადებულ დარგის სპეციალისტებს სერთიფიკატები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ

ვადაჭკორიამ და USAID-Georgia-ს დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გადასცეს.


ღონისძებას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

ნინო ჯინჯოლავა, USAID-ის დემოკრატიისა და სოციალური განვითარების ოფისის

დირექტორი ლორა ბერგერი, USAID -ის „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის

ხელმძღვანელი მედეა კაკაჩია, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო

საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, „ფიზიკური რეაბილიტაციის“ პროექტის

ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის

ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, ტრენერების ტრენინგის მონაწილეები,

საგრანტო პროექტის პარტნიორები და სხვა საპატიო სტუმრები.


სასწავლო კურსის - „Training of Trainers ” (ToT) მიზანი იყო ფიზიკური და ოკუპაციური

თერაპევტების ტრენერებად მომზადება. ამერიკელმა სპეციალისტებმა, კონკურსის გზით,

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 28 მონაწილე შეარჩიეს. სასწავლო კურსს ემორის

უნივერსიტეტიდან მოწვეული ფიზიკური თერაპევტი გეილ ფრიდჰოფ-ბორმანი და

ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი ტეილორ-შვარცი უძღვებოდნენ. ფიზიკური

რეაბილიტაციის ტრენერების მომზადება ორ ეტაპად, 2018 წლის მაისისა და ივლისის

თვეებში განხორციელდა. პირველი ინგლისურენოვანი ტრენინგკურსის დასრულების

შემდეგ ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ტრენერებად 3 მსმენელი შეარჩიეს,

რომლებმაც, მოგვიანებით, ამერიკელი სპეციალისტების მეთვალყურეობით მეორე

ტრენინგკურსის მონაწილეები გადაამზადეს.


2017 წლის სექტემბერში USAID-მა საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის

გასაძლიერებლად ემორის უნივერსიტეტსა და მის პარტნიორებს, თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტს, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და კორპორაცია

„პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“, გრანტის სახით 4,5 მილიონი აშშ

დოლარი გამოუყო. საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს

შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა რეაბილიტაციის სპეციალისტების, მომსახურების,

სავარძელ-ეტლების და დამხმარე ტექნოლოგიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.


პიტერ ვიბლერი ( USAID-საქართველოს დირექტორი):

„ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში“ ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ხელშეწყობით ხორციელდება, თუმცა

ჩვენი პარტნიორობა თბილისის სახწლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მხოლოდ ამით

არ შემოიფარგლება. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ როგორც თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტთან, ისე ემორის უნივერსიტეტთან. ძალიან მნიშვნელოვანია

ტრენერების ტრენინგის კურსი, რომელიც რეაბილიტაციის სფეროსთვის კვალიფიციური

სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს“.

ზურაბ ვადაჭკორია (თსსუ-ის რექტორი):

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, როგორც ჯანდაცვის მეცნიერებათა

უდიდეს აკადემიას, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე

სპეციალისტების მომზადებისა და პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური კლინიკური

სერვისის მიწოდებაში. თსსუ-ის, ემორის უნივერსიტეტის და ამერიკის შეერთებული

შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის

ფარგლებში დღეს ჩვენ ვზეიმობთ „ტრენერების ტრენინგის“ კურსის წარმატებით

დასრულებას. საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა 28 სპეციალისტმა წარმატებით გაიარა

ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის ტრენერის მოსამზადებელი 8 კვირიანი კურსი.

შედეგად, მათ მიიღეს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და ახლა პასუხისმგებელნი არიან

კოლეგებისა და მომავალი პროფესიონალებისათვის უწყვეტი ცოდნისა და გამოცდილების

გაზიარებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ემორის უნივერსიტეტსა და მის პერსონალს

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

პარტნიორობის შედეგად საქართველოში წარმატებული პროგრამებისა და პროექტების

განხორციელებისათვის“.


ბოლო 25 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ

დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად

ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის

მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური

განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და

ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და

ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას.


გადადით ბმულზე და იხილეთ IPN-ის სტატია