შეიქმნა გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა გაერთიანებული ასოციაცია

შეიქმნა გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა გაერთიანებული ასოციაცია

 
   

მიმდინარე წელს საქართველოში არსებული ორი ზოგადქირურგიული პროფილის საზოგადოება: საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება (ხელმძღვანელი პროფ. მერაბ კილაძე) და საქართველოს ქირურგთა ასოციაცია (ხელმძღვანელი პროფ. ბაადურ მოსიძე) გაერთიანდა და დაერქვა საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია.

ინიციატივა მისასალმებელია და მიზნად ისახავს, გააერთიანოს ზოგადქირურგთა სრულიად საქართველოს წარმომადგენლობა, რათა ერთობლივი ძალებით დაძლიონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ქართული ქირურგია.

საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია 250-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან ასოციაციას ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გია თომაძე. ასოციაციის გამგეობას წარმოადგენენ პროფესორები: ბაადურ მოსიძე, ნოდარ ლომიძე, თამაზ ჩხიკვაძე, მერაბ კილაძე, გია დათუაშვილი, მერაბ ტატიშვილი და ბორის ჩაკვეტაძე, მედიცინის დოქტორი დავით ჯიქია.

საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია გამოსცემს სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს, რომლის დამფუძნებლები ასოციაციასთან ერთად არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია. ჟურნალი დაარსდა პროფ. გურამ ტატიშვილის უშუალო ინიციატივით და მისი მთავარი რედაქტორია დავით ჯიქია. გადაწყდა, რომ ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან ჟურნალი გახდა რეფერირებადი საქართელოს ტექინფორმის სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გრ. მუხაძის ქირურგთა ასოციაცია დღეს არსებული შემადგენლობით 2017 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა, მისი ფესვების ძიებას მე-20 საუკუნის დასაწყისში მივყავართ, როცა პროფესორმა გრიგოლ მუხაძემ დააფუძნა ქირურგიულ კლინიკათა კონფერენციები, რომლის სხდომები თვეში ორჯერ ტარდებოდა თბილისის ძირითად კლინიკებში და რომლებზეც ისმენდნენ მასპინძელი კლინიკის ქირურგიული აქტივობის შესახებ ინფორმაციას. კონფერენციები წარმოადგენდა კარგ სკოლას ახალგაზრდა ქირურგთა სწავლებისთვის და სანდო საინფორმაციო წყაროს იმისთვის, რომ ქირურგები საქმის კურსში ყოფილიყვნენ, თუ რა სახის ოპერაციები კეთდებოდა საქართველოში.

გრიგოლ მუხაძის სახელი ქირურგთა საზოგადოებას 1955 წელს მიენიჭა, როცა, პროფესორ გრიგოლ მუხაძის გარდაცვალების შემდეგ (1948წ.), საქართველოს ქირურგთა რესპუბლიკურ საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკე გამოეყო თბილისის ქირურგთა საზოგადოება (1955 წელი).

მას შემდეგ გრიგოლ მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება აქტიურ მუუშაობას ეწეოდა და პრაქტიკულად, რესპუბლიკური მასშტაბის საკითხებს იხილავდა. სხვადასხვა დროს მის თავმჯდომარეები იყვნენ პროფესორები: დავით იოსელიანი (1955-1968 წწ), ეგნატე ფიფია (1968-79 წწ),  დავით მამათავრიშვილი (1979-1980 წწ), ზაალ კახიანი (1980-1994 წწ), ოთარ მამათავრიშვილი (1994-96 წწ), ზურაბ ცხაკაია (1996-1999 წწ), თენგიზ ახმეტელი (1999 -2012) წწ, გურამ ტატიშვილი (2015-2016), მერაბ კილაძე (2016-2017).

2018 წელს ასოციაციამ უკვე ორი სხდომა ჩაატარა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ბარიატრიული ქირურგიის საკითხებს (მომხსენებელი ნიკა გვახარია) და პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგიის მდგომარეობას (წარმოდგენილი იყო პროფ. ივა კუზანოვის კლინიკის აქტივობა).

შემდეგი სხდომა 2018 წლის 25 მაისსაა დაგეგმილი. მასზე განიხილავენ ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა ზოგადქირურგიული კომპეტენციები.

ასოციაციის სტრუქტურაში შედის ქირურგიული სტანდარტებისა და კომპეტენციების შემსწავლელი კომისია, რომელსაც პროფესორი ნოდარ ლომიძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან პროფესორი გელა არაბიძე და მედიცინის დოქტორი დავით ჯიქია.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომობს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებული ექსპერტიზების პროცესში მონაწილეობა. ამ მიმართულებით შეიქმნა მკურნალობის ხარისხის შემსწავლელი კომისია, რომელსაც პროფესორი ნიკოლოზ ფრუიძე ხელმძღვანელობს.

დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.