შეხვედრა თსსუ-ის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან

შეხვედრა თსსუ-ის აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან

2019 წლის 18 ივნისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი,  ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე შეხვდნენ თსსუ-ის  აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს.

შეხვედრის ძირითად მიზანს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და მომავალი სამუშაო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ისაუბრეს: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, უვადოდ არჩეულ პროფესორთა ატესტაციის კრიტერიუმების, ემერიტუსის წოდების მინიჭების წესის, უწყვეტი პროფესიული განვითარების  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.   

"უმაღლესი განათლების განვითარების, მისი ხარისხის გაუმჯობესების და  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფისთვის უნივერსიტეტში შემუშავებულია  ხარისხის განვითარების შიდა მექანიზმები, უზრუნველყოფილი საკუთარი რესურებით; ცხადია, ასევე, მოქმედებს ხარისხის განვითარების გარე მექანიზმები, რასაც საქართველოს განათლების სისტემაში   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. სწორედ ამ ცენტრის მიერ შემუშავდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან  არის  ახლოს. ცენტრმა შექმნა, ასევე, კვალიფკაციათა ახალი ეროვნული ჩარჩო, რომელსაც  უნდა შეესაბამებოდეს  საგანმანათლებლო პროგრამები. შემუშავდა, ასევე, მედიცინის დარგობრივი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. მნიშნელოვანია, რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გახდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი რეგიონში, რაც გულისხმობს, მათ შორის, იმას, რომ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის  გავლილი აკრედიტაცია საერთაშორისოდ იქნება აღიარებული" - აღნიშნა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხ. თოდაძემ.

შეხვედრამ  ნაყოფიერად ჩაიარა. პერსონალის მხრიდან დაისვა შეკითხვები და დაფიქსირდა მოსაზრებები სხვადასხვა  საკითხთან დაკავშირებით.  რექტორის აპარატის უფროსის, ირინა კაპეტივაძის განმარტებით, ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.