შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ქალაქ ბათუმში ახლადგახსნილი “კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის” წარმომაგდენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანი აჭარის ჯანდაცვის მინისტრისათვის რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.  შეხვედრას ესწრებოდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი, კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია მორჩილაძე, კლინიკის გენერალური დირექტორი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) მოწვეული პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და ამერიკული კორპორაციის „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის" კოორდინატორი  ნინი ზარდიაშვილი.  პროექტის წარმოამადგენლებმა მინისტრთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს. ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, რომ დასავლური სტანდარტების პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებული სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აჭარის რეგიონში გახსნა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. 

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ ბათუმში, ბაქოს ქუჩის N8-ში (ყოფილი გოგებაშვილის N40) 12 ოქტომბერს გაიხსა. კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. ცენტრში დასაქმებულნი არიან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ადგილობრივი სპეციალისტები: ფიზიკური თერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი. კლინიკა ემორის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქის კენეტ ვოლკერის სახელს ატარებს. პროფესორ ვოლკერს უკავშირდება საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროებში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის ბოლო ინიციატივით-  „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში."  (პროფესორი ვოლკერი 2018 წლის თებერვალს გარდაიცვალა).  

კენ ვოლკერის სახელობის კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით, 19, 20 და 21 ნოემბერს კლინიკის გუნდი უფასო კონსულტაციებს გაუწევს აჭარაში და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს რეგიონში მცხოვრებ იმ პირებს (მოზრდილებს და ბავშვებს), ვისაც სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული მდგომარეობების გამო სარეაბილიტაციო მკურნალობა ესაჭიროება.

კონსულტაციებს ქართველ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში მოწვეული სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლის ოკუპაციური თერაპევტი ტრეისი შვარცი. 

“კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა“ აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, შეიქმნა USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის "ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში " ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" (PFID) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) დახმარებით.

2019 წლიდან კ. ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა მიაწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას აჭარის მოსახლეობას ა/რ მთავრობის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში.