თსსუ-ის დელეგაციამ პროექტის LIFESTRAND  ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა

თსსუ-ის დელეგაციამ პროექტის LIFESTRAND ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 17-25 თებერვალს Erasmus+ პროექტის LIFESTRAND  ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის/ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე; ასისტენტ-პროფესორი ლია ოტიაშვილი და მოწვეული მასწავლებელი, ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენერი, გიორგი კვიცინაძე, საქართველოსა და უკრაინის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელასა (ესპანეთი) და ქალაქ პორტოში (პორტუგალია) იმყოფებოდნენ. 

თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ტრენინგებში, რომელიც ეხებოდა პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარების განვითარებას.

სამდღიან ტრენინგს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (USC) უმასპინძლა. ტრენინგი ფოკუსირებული იყო შემთხვევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, გადაუდებელ დახმარებაზე, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ შეფასებასა და მხარდაჭერაზე. 

სამუშაო შეხვედრები პორტოს უნივერსიტეტში გაგრძელდა, სადაც ტრენინგის მონაწილეებმა პოლიტრავმული პაციენტების კომპლექსური  შეფასება და ევაკუაციის სახეები განიხილეს.

პროექტი LIFESTRAND მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა.

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი - „LIFESTRAND“ აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.