თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

თბილისში, უკვე მეოთხე „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. მას ესწრებოდნენ მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

პროექტი, თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდით ვრცელდება ინფორმაცია - ფესტივალში  მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს.10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია.

ამავე ინფორმაციით ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა). არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას ქართული აუდიტორიისთვის. არასაკონკურსო აქტივობები, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გეგმავს  აქტიურად  ჩაერთოს ფესტივალის მიმდინარეობაში და სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდებით წარსდგეს როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ ღონისძიებებში. 
ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.