თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აუგსბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აუგსბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე ეწვია

2024 წლის 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აუგსბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ციფრული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი ლუდვიგ კრისტიან ჰინსკე და ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი ქეთევან გოსტამაშვილი სტუმრობდნენ. მათ თან ახლდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი, მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია. 

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია.

შეხვედრაზე პროფესორმა ლუდვიგ კრისტიან ჰინსკემ წარმოადგინა პრეზენტაცია აუგსბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია გერმანიის ჯანდაცვის სისტემაში, ვინაიდან კლინიკა იყენებს ინოვაციურ მიდგომებს როგორც კვლევებში, ასევე სწავლებაში. პროფესორის თქმით, მათი ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში მოხდეს ციფრული მედიცინის პროგრამების ინტეგრირება და განვითარება. 

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, ასევე, მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი.