თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 13 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგა. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, ხოლო  პროგრამის მხარდამჭერი  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი დაფუძნებულია უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიღებულ ახალ, მაღალი სანდოობის მქონე სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებზე.

სასწავლო კურსი, რომელიც ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი და რომლის ძირითად სამიზნე აუდიტორიასაც რეზიდენტები და ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე მოღვაწე ექიმები წარმოადგენენ, სერვისის მიმწოდებლებს მაღალი ხარისხის, თანმიმდევრულ ტრენინგს სთავაზობს ანტენატალური მეთვალყურეობის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკის შესახებ. კურსი ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: „სწავლა, პრაქტიკა, ცოდნის შემოწმება“ და, შესაბამისად, ითვალისწინებს ტესტირებასაც, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამედიცინო სფეროს პროფესიონალები სერტიფიკატებს მიიღებენ.

ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა და მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით - ხარისხიანი ონლაინ კურსების არსებობა მეტად კომფორტულ გარემოს ქმნის ტრენინგის მონაწილეთათვის, რომელთაც სამუშაო გარემოს მოწყვეტის გარეშე ექნებათ ახალი ცოდნის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ეს კი ხელს შეუწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა; გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე. შეხვედრაზე ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსის მოკლე პრეზენტაცია წარმოადგინა დიპლომისშემდგომი  სამედიცინო  განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, უწყვეტი პროფესიული განათლების სამსახურის უფროსმა აკაკი ბარკალაიამ.

კურსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, სტუდენტები და რეზიდენტები.

იხილეთ, პორტალით სარგებლობის დეტალური ვიდეო გზამკვლევი: