თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში

2018 წლის 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში". ის მიეძღვნა სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, XXI საუკუნის ექიმის მომზადებას და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციების შეძენას, დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გლობალურ და ეროვნულ სტანდარტებს, მედიცინის ახალი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს. 

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მიმოიხილა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და  სამედიცინო განათლების ისტორია საქართველოში, ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში შედეგებზე ორიენტირებული სწავლების და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვის შესახებ.

ღონისძიებაზე მოხსენებით "როგორ მოვამზადოთ 21-ე საუკუნის ექიმები" წარსდგა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის  (Association for Medical Education in Europe  -AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი. მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ შეცვალა პაციენტის მოვლის პრინციპები და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სამედიცინო სფეროს მუშაკები ორიენტირებული და ადაპტირებული იყვნენ აღნიშნულ სიახლეებთან.  

პროფესორი რობერტსი თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორია. მისი კოორდინაციით 2011-2014 წლებში უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში". ამ პერიოდში მისი ხელშეწყობით უნივერსიტეტში დაარსდა აკადემიური განვითარების ცენტრი, სადაც სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგს გადიან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. 2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ პროფესორ ტრუდი რობერტს მიანიჭა საპატიო     დოქტორის   წოდება. ,,სიამაყით მინდა ავღნიშნო კონფერენციაზე სამედიცინო განათლების საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  აღიარებული ექსპერტის პროფესორ ტრუდი რობერტსის ყოფნა, რომელიც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, ვფიქრობ მისი მოხსენება საპროგრამო იქნება ჩვენთვის“  განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესორი ზაზა ბოხუა, თსსუ-ის მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ჯავაშვილი.

მოხსენებების დასრულების შემდეგ კონფერენციაეზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.