თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსმა მერაბ დვალმა წარჩინებული სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსმა მერაბ დვალმა წარჩინებული სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა

2023 წლის 27 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ემერიტუსის მერაბ დვალის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულების წარდგენა და დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას პროფესორი ირინე კვაჭაძე უძღვებოდა.

ოდონტოლოგიის კურსის გავლის შემდეგ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი  ნათია კობაიძე პროფესორ ლია ჭელიძის სახელობის სასწავლო სტიპენდიით დაჯილდოვდა.  

ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ჭელიძე 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმ-სტომატოლოგთა აღზრდის რთულ და საპატიო საქმეს ემსახურა.  პროფესორი ლია ჭელიძე გამოირჩევა ახალგაზრდების სიყვარულით; მათთან ურთიერთობა, მათი სწავლება და პროფესიულ ზრდაში მონაწილეობა მას მორალურ და პროფესიულ სიამოვნებას ანიჭებდა წარსულში და ანიჭებს ამჟამადაც. ქალბატონმა ლიამ თავად გადასცა წარჩინებულ სტუდენტს ჯილდო და შემდგომი წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალბატონი ლიას აღზრდილები: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე. მათ გაიხსენეს ქალბატონი ლიას ღვაწლი, მისი პედაგოგიური საქმიანობა და ფასდაუდებელი ამაგი. 

ღონისძიების ფარგლებში, ოფთალმოლოგიის წარჩინებული რეზიდენტი საიალი იბრაგიმოვა ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელმა, ემერიტუსმა მერაბ დვალმა პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის სასწავლო გრანტით დააჯილდოვა. 

პროფესორმა  ტატიანა შატილოვამ ექიმ-ოფთალმოლოგთა არაერთი თაობა აღზარდა და წლების განმავლობაში მრავალი სიახლე დანერგა ოფთალმოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. მისი ნაშრომები ყოველთვის გამოირჩეოდა სამეცნიერო სიახლით. პროფესორი ტატიანა შატილოვა მისმა მოსწავლეებმა: ეთერ მშვიდობაძემ, ირინა თოდუამ და ნინო თავბერიძემ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენეს.