თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის ვიზიტი  ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკასა  და ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრში (AZW)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრში (AZW)

2019 წლის 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია). ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის რექტორი შეხვდა საუნივერსიტეტო კლინიკისა და ტიროლის კლინიკების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაგისტრ შტეფან დეფლორიანს და საექთნო კოლეჯის დირექტორს სასწავლო დარგში, დოქტორ ვალტრაუდ ბუხბერგერს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მანანა ქუთელიას სახელობის პროგრამის მიმდინარეობა და შესაძლო განვითარების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ ავსტრიელმა მასპინძლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას იმ სტუდენტების გამო, რომლებიც ჩასული იყვნენ ინსბრუკის  საუნივერსიტეტო კლინიკაში და სამაგალითოები იყვნენ, როგორც პროფესიული ინტერესის თვალსაზრისით, ისე პიროვნული თვისებებითაც. შეხვედრებს აგრეთვე, ესწრებოდა თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე.   

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ახალი სამუშაო ვიზიტი 2019 წლის მარტის ბოლოს ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პრორექტორთან, გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტთა კოორდინატორებთან შეხვედრისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

გარდა ამისა თსსუ-ის საპატიო დოქტორის ირმა კვიცარიძისა და  ანალიტიკური ქიმიისა და რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ გიუნტერ ბონის ხელშეწყობით შედგება შეხვედრა ინსბრუკის უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ინსბრუკის უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და  ინსბრუკის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, მათ შორის განიხილება საკითხები გაცვლით  და ერთობლივ სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე მუშაობის შესახებ.