თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატება CIF-ის  საგრანტო კონკურსში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატება CIF-ის საგრანტო კონკურსში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ მეორე  კონკურსში მსოფლიო ბანკის დაფინანსება მოიპოვა.

თსსუ-ის პროექტი „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ინოვაციურობა გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სასწავლო პროცესისთვის საჭირო ალგორითმების შემუშავებას და მის დანერგვას. 

პროექტი განხორციელდება კონსორციუმის ფარგლებში, რომლის წევრები არიან თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და  ავსტრიის გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი. 

პროექტის ფარგლებში, გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და კვლევის ინსტიტუტთან  ერთად შემუშავდება ბილატერალური სადოქტორო პროგრამა პათოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის კომპონენტების გამოყენებით. პროექტის განხორციელების შედეგად, მონაცემთა ბაზა, ინსტრუმენტები და ინფორმაციის დამუშავების ალგორითმები სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შედეგად, გაიზრდება, როგორც კლინიკური, ასევე, კვლევითი მონაცემები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევით პროექტებში ჩართულობას.