თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ამერიკულ ბენდს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ამერიკულ ბენდს უმასპინძლა

15 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ამერიკულ ბენდს უმასპინძლა. ბენდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, პროექტის - "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ“ - ფარგლებში  ჩამოვიდა საქართველოში და პირველი კონცერტი სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში გამართა. კონცერტს  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - ჯეფრი რენო,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორები, აკადემიური და ადმინიტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიება თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა კულტურათა გაცვლის მნიშვნელობაზე და გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მოგზაურობის შესახებ ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, ჯორჯია). პროფესორმა მადლობა გადაუხადა  საელჩოს წარმომადგენლებს და  ამერიკელ სტუმრებს, რომ სწორედ თსსუ იქნა არჩეული კონცერტის გამართვის და  შემოქმედების გაზიარების ადგილად. აუდიტორიას ბატონი ჯეფრი რენოც მიესალმა, მათ წარუდგინა ბენდი და მისი მთავარი სოლისტი ტონი მემელი, რომლის ძალისხმევის მაგალითზე, ისაუბრა ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.   

ტონი მემელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორია, ის  თავად წერს და ასრულებს სიმღერებს. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის არის სპიკერი და მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. 

იხილეთ მეტი ტონი მემელის მოღვაწეობის შესახებ tonymemmel.com 

იხილეთ მოძრავი ფოტოები 

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია