დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების რიგით მეექვსე ცერემონიამ ამჯერადაც წარმატებით ჩაიარა

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების რიგით მეექვსე ცერემონიამ ამჯერადაც წარმატებით ჩაიარა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.

გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების რიგით მეექვსე ცერემონია ამჯერადაც პომპეზური იყო. 

ღონისძიება, ტრადიციულად, თსსუ-ის რექტორმა,  პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. ახლადჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიულოცა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყების კვირეულისა და „თეთრი ხალათების ცერემონიალში“ მონაწილეობის მისაღებად საქართველოში თსსუ-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ამერიკელი პროფესორები. 

სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს  ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებმა - ასისტენტ-დეკანმა გორდონ ჩარჩვორდმა, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა, კლინიკური განათლების ასოცირებულმა დეკანმა ჯოელ ფელნერმა, ასევე, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუს დეკანმა ნათანიელ გოზანსკიმ, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის (აშშ, ატლანტა) პათოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა გაბრიელა ოპრეამ,  ინტერვენციული რადიოლოგიის პროფესორმა შონ დარიუშნიამ, მორჰაუსის სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როლანდ მეთიუსმა, ამავე სკოლის პულმონოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერიკ ფლანომ და პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა ელიოტ გიზანსკიმ. 

თეთრი ხალათების საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 2024 წლის გამოსაშვები კურსის ღონისძიებაზე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა პროგრამის მეექვსე თაობის სტუდენტები ქართველ კოლეგებთან ერთად თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსეს.

ცერემონიალზე პროგრამის ხელმძღვანელებმა, თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა არჩილ უნდილაშვილმა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გასული 6 წელი მიმოიხილეს და მისი შედეგები შეაჯამეს. პროგრამამ პირველი სტუდენტები სწორედ 6 წლის წინ მიიღო. ისინი სწავლას 2019 წელს დაასრულებენ.

 საზეიმო ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები დაესწრნენ. 

 დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ  შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება. 


2018  წელს პროგრამაზე  სწავლა 90-მდე სტუდენტმა დაიწყო, მათგან  25 საქართველოს მოქალაქეა.


ვიდეო