კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები

კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  2018 წლის 17 და 18 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია:“ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა – შედეგები და შემდგომი ნაბიჯები“. ღონისძიებას  ესწრებოდა  სამედიცინო  განათლების  მსოფლიო  ფედერაციის (WFME)  პრეზიდენტი,  პროფესორი    დევიდ  გორდონი.  

კონფერენცია მიზნად ისახავდა  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის დანერგვის პირველი ეტაპის შეჯამებას, რომელიც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად განხორციელდა. კონფერენციაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, სისტემის შემდგომი განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები. 

კონფერენციაზე  ცალკე  სესია  მიეძღვნა    სამედიცინო  განათლებას.  სესიაზე   სამედიცინო  განათლების  მსოფლიო  ფედერაციის (WFME)  პრეზიდენტმა,  პროფესორმა    დევიდ  გორდონმა  გააკეთა  საპროგრამო  მოხსენება  - „სამედიცინო განათლება დღეს: რა არის ძველი? რა არის ახალი? რა იქნება მომავალში?“  

სესიაზე   მოხსენებით  წარსდგა    პროფესორი  გაიანე  სიმონია,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი,  რომელმაც   ფართედ  გააშუქა  ახალი  დარგობრივი  სტანდარტები  დიპლომამდელ  სამედიცინო  განათლებაში  და    პროფესორი  რიმა ბერიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი,    რომელმაც  ისაუბრა  უმაღლესი  სამედიცინო  საგანმანათლებლო დაწესებულებათა  ავტორიზაციის  პროცესებზე  და    ინსტიტუციურ  შეფასებაზე.