თსსუ-ის დელეგაცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    კონფერენციაზე

თსსუ-ის დელეგაცია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კონფერენციაზე

2019 წლის 11-12  აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე  და  ვიცე-რექტორი,  პროფესორი  რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით  იმყოფებოდნენ  საფრანგეთში,  ქ. პარიზში,  სადაც  მონაწილეობა  მიიღეს   ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  ყოველწლიური  კონფერენციის  მუშაობაში.  კონფერენციის მთავარი  თემა  იყო - „ინოვაციების  ხელშეწყობა  ევროპის  უნივერსიტეტებში“.  პლენარული  მოხსენებები ძირითადად მიეძღვნა  უნივერსიტეტების  პასუხისმგებლობას  ტექნიკური,  სამედიცინო,  საგანმანათლებლო  ინოვაციების  ხელშეწყობისა  და  განვითარების  საქმეში.  

კონფერენცია  ჩატარდა  სორბონის  უნივერსიტეტში.  კონფერენციაზე    საპროგრამო   მოხსენებით  წარსდგა   ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის    პრეზიდენტი  - პროფესორი  როლფ  ტარაჩი.  კონფერენციის  მონაწილეებს  მიესალმნენ:   სორბონის  უნივერსიტეტის   პრეზიდენტი,  ჟან  შამბაზი, ევროკომისიის  გენერალური  დირექტორი კვლევისა  და  ინოვაციების  დარგში,  ჟან-ერიკ  პაქვეტი.

როგორც  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის  სრულუფლებიანმა  წევრმა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  მონაწილეობა  მიიღო    გენერალურ  ანსამბლეაში,  სადაც   კენჭისყრის  გზით  არჩეული  იქნა  ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის   ახალი  პრეზიდენტი -  პროფესორი  მაიკლ  მარფი  და   საბჭოს  ექვსი  ახალი   წევრი.

კონფერენციას  ესწრებოდა  საქართველოს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი,  გიორგი  ვაშაკიძე.  კონფერენციის  მუშაობაში  მონაწილეობა  მიიღო   ემორის  უნივერსიტეტის  მედიცინის  სკოლის საგანმანათლებლო  პროგრამების   დირექტორმა, თსსუ-ის  დიპლომირებული  მედიკოსის  ამერიკული  პროგრამის  ხელმძღვანელმა,  არჩილ  უნდილაშვილმა.