თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლერკშიფში ჩართული აკადემიური პერსონალი ემორის უნივერსიტეტს სტუმრობდა

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლერკშიფში ჩართული აკადემიური პერსონალი ემორის უნივერსიტეტს სტუმრობდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  პედიატრიის კლერკშიფში ჩართული მოწვეული სპეციალისტები, ექიმები  სოფიო ცერცვაძე და ანა გიორგობიანი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას კლინიკური სტაჟირების მიზნით სტუმრობდნენ.

26 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ისინი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ამერიკელი კოლეგების დახმარებით ეცნობოდნენ კლინიკური სწავლების მიმდინარეობას. ქართველმა სპეციალისტებმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ბაზები მოინახულეს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პედიატრიის კლერკშიფის ეფექტურობის გაზრდისთვის პაციენტის საწოლთან სტუდენტების სწავლების პროცესს დააკვირდნენ, ამერიკელი კოლეგებისგან მოისმინეს, რა სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით ხორციელდება კლინიკური სწავლება.  

ვიზიტის პერიოდში ქართველი ექიმები შეხვდნენ: ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებს და წარმომადგენლებს, მათ შორის, ასისტენტ-დეკანს სამედიცინო განათლების დარგში გორდონ ჩარჩვორდს, კლინიკური განათლების ასოცირებულ დეკანს ჯოელ ფელნერს, ემორის სამედიცინო სკოლის პედიატრიის კლერკშიპის ხელმძღვანელს ერიკ ფელნერს, ემორის სამედიცინო სკოლის პედიატრიის ასოცირებულ პროფესორს დევიდ ლოიდს და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შინაგანი მედიცინის კურსის ასოცირებულ დირექტორს მერედიტ ლორას. ამერიკელმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს შინაგანი მედიცინის კლერკშიფის სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსობრივი მხარეები და შეფასების კრიტერიუმები. 

2018 წელს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური კლერკშიფის განვითარების მიზნით თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 7 წარმომადგენელი იმყოფებოდა. აღნიშნული მიზნით პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტების აშშ-ში გაგზავნა 2019 წლის განმავლობაშიც იგეგმება.