თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების  წარმატება

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების წარმატება

თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიამ 2018 წელს წარმატებით გაიარა საერთაშორისო  ხარისხის გარე კონტროლის პროცესი სხვადასხვა კვლევების მიმართულებით და დასასრულს, 2019 წლის იანვარში, მიიღო ევროპის esfeqa და labquality ორგანიზაციების მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები. სწორედ, ხარისხის გარე  კონტროლით ფასდება ლაბორატორიის  მუშაობის ხარისხი, ანუ კვლევების სიზუსტე.  

აღნიშნულ პროცესში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორია ჩაერთო 2017 წლისათვის.  ნიმუშების მიღება დაიწყო 2018 წლის დასაწყისში - იანვრიდან და დასრულდა დეკემბერში. 

აღსანიშნავია  ის ფაქტი,  რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიამ აიღო  ხარისხის გარე კონტროლის წარმატებით  გავლის სერტიფიკატი კვლევების თითქმის ყველა ძირითადი მიმართულებით: ბიოქიმია, იმუნოლოგია, ჰემატოლოგია, კარდიალური მარკერები, სისხლის გაზები და ელექტროლიტები, შარდის კლინიკური ანალიზი, პერიფერიული სისხლის მორფოლოგია (ნაცხების  მიკროსკოპია), რაც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საწინდარია.

ასევე, 2018 წელს  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  ლაბორატორიას NCDC -ის მიერ მიენიჭა სერტიფიკატი, ხარისხის გარე კონტროლის შეფასების პროგრამის წარმატებით გავლაში, როგორც კულტურის იდენტიფიკაციის, ასევე, ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრის ნაწილში EUCAST-ის საერთაშორისო სტანდარტით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა  კლინიკამ ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატები (ბიოქიმია, სისხლის საერთო ანალიზი, ლეიკოციტარული ფორმულის დათვლა) მოიპოვა ჯერ კიდევ 2015 წელს.   ამჟამად კლინიკაში  მიმდინარეობს ხარისხის გარე კონტროლის სერტიფიკატების მოპოვების მორიგი პროცესი.