თსსუ-ის სტუდენტების სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში  (ავსტრია)

თსსუ-ის სტუდენტების სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)

მიმდინარე  წლის ივლისის თვეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტების მესამე ნაკადი გაემგზავრა ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში  სტაჟირების გასავლელად, ღვაწლმოსილი პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ყოფილი დირექტორის, პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის პროექტის ფარგლებში. 

პროექტში მონაწილეობისთვის გასაუბრება გაიარა ოცდაათამდე სტუდენტმა,  მათ შორის თსსუ-ის საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმაც. მონაწილეთა შერჩევა  აკადემიური მოსწრების და  გერმანული ენის კარგ დონეზე ფლობის მოთხოვნების საფუძველზე განხორციელდა.  პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა მედიცინის ფაკულტეტის ექვსი და საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი.

სტუდენტები შეხვდნენ ინსბრუკის საექთნო კოლეჯის დირექტორს. შეხვედრაზე ბატონმა ვალტერ დრაქსელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას და გერმანული ენის ცოდნის აუცილებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებსა და სპეციალისტებს ისწავლონ და ლეგალურად იმუშაონ ევროპაში.

ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებისას,  რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, სტუდენტები დაესწრებიან დილის კონფერენციებს, პაციენტების შემოვლას,  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციაში.