თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

2018 წლის 10-14 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია,  რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ:  უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი პროფესორი ხათუნა თოდაძე, ვიცე-რექტორი  ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთის ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. თსსუ-ის დელეგაცია დაესწრო ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  ყოველწლიურ საზეიმო ღონისძიებას - "საუნივერსიტეტო დღეები". ვიზიტის პერიოდში გაიმართა  პირველი საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციები  ჯანდაცვასა და პერსონალიზებულ მედიცინაში", სადაც პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია წარსდგა მოხსენებით. მოხსენება გააკეთა აგრეთვე  თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ თემაზე "ძუძუს კიბოს სკრინინგი საქართველოში". ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, პროფესორი ხათუნა თოდაძე და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე ტირგუ-მურეშის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში.  

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ლეონარდ აზამფირეის და ვიცე-რექტორს, პროფესორ ანჯელა ბორდას, ვიცე-რექტორებს მეცნიერებისა და განათლების საკითხებში, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულეტეტების დეკანებს, ფარმაციის ფაკულტეტის ერაზმუს+ პროგრამების კოორდინატორს და სხვ. შეხვედრების დროს განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და   ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირები, დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

პროფესორ ლეონარდ აზამფირეისთან და პროფესორ ანჯელა ბორდასთან შეხვედრისას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის, ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება სტომატოლოგიისა და ფარმაციის ფაკულტეტებისათვის, რომელსაც ხელი მოაწერეს რექტორებმა: პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და პროფესორმა ლეონარდ აზამფირეიმ ამ ხელშეკრულების თანახმად 2019 წლის სექტემბრიდან ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი, აგრეთვე თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოთხი აკადემიური პერსონალი გაემგზავრება ტირგუ-მურეშის უნივერსიტეტში. ხოლო ფარმაციის ფაკულტეტის ოთხი აკადემიური და ოთხი ადმინისტრაციული პერსონალი გაივლის 1 კვირიან სტაჟირებას აღნიშნულ უნივერსიტეტში. ყველა ხარჯი დაფარული იქნება ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში.

ვიზიტის მსვლელობისას, აგრეთვე თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა  ბარის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორს  პიერო პორტინკასას, რომელიც არჩეული იქნა ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. მასთან მოლაპარაკების საფუძველზე  ფორმდება ხელშეკრულებები (როგორც ბილატერალური აგრეთვე ერაზმუს+ ფარგლებში) ბარის უნივერსიტეტთან.

ვიზიტის ბოლოს გაიმართა სადღესასწაულო ღონისძიება, სადაც თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა საპატიო დიპლომი და მედალი.