თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტი საფრანგეთის INSERM-ის ინსტიტუტებში

თსსუ-ის წარმომადგენლის ვიზიტი საფრანგეთის INSERM-ის ინსტიტუტებში

შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ჰორიზონტ 2020-ის მოსამზადებელი პროექტის (H2020-I-18-088) ფარგლებში, 2018 წლის 10-15 დეკემბერს, თსსუ-ის იმონოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ჯანიკაშვილი  მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთის INSERM-ის ინსტიტუტებში ქალაქ დიჟონსა და ქალაქ ბეზანსონში, სადაც შეხვდა პროფესორ ბერნარდ ბონოტს და პროფესორ ფილიპ საასს. აღნიშნულ შეხვედრებზე, პროფ. ბონოტისთან, პროფ. საასთან, მათ სამეცნიერო ჯგუფებთან და ადინისტრაციულ ერთეულებთან მოხდა ჰორიზონტ-2020-სა და მარი სკლადოვსკა-კიურის საგრანტო კონკურსში წარსადგენი ერთობლივი პროგრამის ძირითადი ამოცანებისა და INSERM-ის და თსსუ-ის ინდივიდუალური პროექტების განხილვა.

ჰორიზონტ-2020 მარი სკლადოვსკა-კიურის საგრანტო კონკურსში წარსადგენი ერთობლივი პროგრამა „ახალი თერაპიული საშუალებები არაგადამდები დაავადებებისთვის“ (პროგრამის აკრონიმი NetNode) მიზანად ისახვს არაგადამდებ დაავადებებში - აუტოიმუნურ დაავადებებში და სიმსივნეებში ახალი ბიომარკერების აღმოჩენას და ახალი თერაპიების შექმნას. NetNode-ის ფარგლებში ორგანიზებულია მსოფლიოს 6 უნივერსიტეტიდან, მათ შორის თსსუ-დან და INSERM-იდან, ახალგაზრდა მკვლევარების - დოქტორანტების მულტიდისციპლინური საერთაშორისო ტრენინგი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ წამყვანი მეცნიერების ხელმძღვანელობით მჭიდრო თანამშრომლობის გარემოში. NetNode კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს აუტოიმუნურ ანთებაში და კიბოს უჯრედულ და მოლეკულურ იმუნოლოგიაში, ნეიროიმუნოლოგიაში, იმუნოგენეტიკაში, ასევე ფარმაკოლოგიასა და პათოფიზიოლოგიაში სათანადო გამოცდილების მქონე მეცნიერების სრული სპექტრით ჩართულობა. ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართვა და ტრენინგი უკვე ფორმირებულ, ინტერდისციპლინურ საერთაშორისო გუნდში და პარტნიორ დაწესებულებებში, ისევე როგორც თანამედროვე ცნობილ მკვლევარებს შორის ჩამოყალიბებული ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკის მდგრადი გაგარძელება, რომელიც ემსახურება არაგადამდები დაავადებებისათვის ახალი თერაპიების შექმნას.