თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ატლანტაში, ემორის სამედიცინო სკოლაში

თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ატლანტაში, ემორის სამედიცინო სკოლაში

2018 წლის 5 აგვისტოდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ამერიკული პროგრამის დირექტორის, ეკა ეკალაძის, დირექტორის მოადგილის, ნინო თევზაძისა და სპეციალისტის, ნინო ზარდიაშვილის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ემორის სამედიცინო სკოლაში (ატლანტა, აშშ).

ვიზიტის მიზანი იყო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმპლემენტაციის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის გააზრება და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, ახალი სასწავლო წლის „თეთრი ხალათების ცერემონიისთვის“ მომზადება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების დაგეგმვა ემორის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მათი გამოცდილების გაზიარებით. სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი იყო პროგრამის ე. წ. „კლინიკურ წლებზე“.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესის სხვადასხვა სფეროს დეტალური გაცნობის მიზნით გამართეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა:

  • ·         გორდონ ჩერჩვორდთან _ ემორის სამედიცინო სკოლის ასოცირებული დეკანი სამედიცინო განათლების დარგში და სტუდენტების ხელშეწყობის სფეროში;

    ·         მერი ჯო ლეჩკოვიჩთან _ ემორის სამედიცინო სკოლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის ასოცირებული პროფესორი, გახდი ექიმის კურსის ინსტრუქტორი, კვლევის მოდულის ხელმძღვანელი;

    ·         ლისა ბერნშტეინთან _ ემორის სამედიცინო სკოლის გახდი ექიმის კურსის ხელმძღვანელი, მცირე ჯგუფის კოორდინატორების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შინაგან მედიცინაში;

    ·         ჯინა შენონთან _ კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი, ასისტენტ დირექტორი, სამედიცინო განათლების სპეციალისტი;

    ·         ჯენიფერ გადკინთან _ მეანობა-გინეკოლოგიის კლერკშიფის ხელმძღვანელი, გახდი ექიმის კურსის ერთ-ერთი კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი;

    ·         ალექსანდრე ისაკოვთან _  გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

    ·         ბრაიან მაკნალთან _  გადაუდებელი მედიცინის კლერკშიფის განხორციელებაში ჩართული პროფესორი;

    ·         კატერინ კიეფერთან _ სამედიცინო განათლების პროგრამების ასისტენტ დირექტორი;

    ·         კენ მობერგთან და ვიქტორ ფაუნდესთან _ უჯრედული ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, მოდული ემბრიოლოგია, ქსოვილი, უჯრედი განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი;

    ·         ზიად კაისთან _ საერთაშორისო პოსტდიპლომური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამედიცინო ტოქსიკოლოგიაში (გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი).

აღნიშნული შეხვედრები ემსახურებოდა ემორის კურიკულუმის სპეციფიკის უკეთ გაცნობას; აკადემიური პერსონალის როლის, ჩართულობის ხარისხისა და პასუხისმგებლობის გაცნობას; კურიკულუმის განვითარებისა და სასწავლო პროცესის სხვადასხვა საკითხის მოგვარების სპეციფიკის შესწავლას. ამ მიზნით თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ რამდენიმე ლექციას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.

პროფესორ გორდონ ჩერჩვორთან და მერი ჯო ლეკოვიჩთან განხილულ იქნა პროგრამის მიმდინარე საკითხები, პრობლემები, მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული აქცენტი დაისვა მისაღები სტუდენტების კონტიგენტის შერჩევის გზებზე, პროგრამის ადმინისტრაციულ ჯგუფში კომპეტენტური კადრების მოზიდვაზე, კლინიკურ წლებში ამერიკული ყაიდის სწავლების არსებული სიძნელეების მოგვარების გზებსა და კურსის „გახდი ექიმის“ მნიშვნელობაზე. რაკი ეს უკანასკნელი პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, მისი კიდევ უფრო განვითარების მიზნით დაიგეგმა რამდენიმე ამერიკელ კოლეგასთან კოლაბორაცია. მათთან „გახდი ექიმის“ კურსის პედაგოგებს ექნებათ უშუალო კონტაქტი.

თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ პროფესორი კენეტ ვოკლერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ემორის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული ქართული მხარეც. საღამოს ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი ვიკას სუქათმე.

ვიზიტისას თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ ატლანტაში მოღვაწე ქართველ ექიმებს. ნათია ესიაშვილმა და ქეთევან კობაიძემ მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან მჭიდრო კავშირს დაპირდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის ამერიკული პროგრამის განვითარების თვალსაზრისით დაისახა მრავალი გეგმა.