X საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

X საერთაშორისო კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

2018 წლის 5 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართა რიგით მეათე საერთაშორისო კონფერენცია  ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია“.  ნიშანდობლივია, რომ საიუბილეო კონფერენცია საქართველოს ისტორიულ რეგიონში კახეთში, სატახტო ქალაქ თელავში ჩატარდა.

ღონისძიება ტრადიციული ხასიათისაა და ის ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. წლევანდელი კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემია და   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიება გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები: თსსუ-ის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბიძინა  ზურაშვილი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი  მჭედლიშვილი;  თსსუ-ის ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი; თესაუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მაგდა დავითაშვილი; სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი; სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეები: ზურაბ ლიპარტია და გიორგი იაკობაშვილი. 

ღონისძიება სამი პლენარული სესიისაგან შედგებოდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ,,სურსათთან დაკავშირებული სალმონელოზის ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოში და მათი პრევენციის თანამედროვე მეთოდები“;  ,,Stress effects and Productivity of Doctors and Nurses”; ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ინსექტიციდების ეკოტოქსიკოლოგიური დახასიათება და მათთან კონტაქტში მყოფ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა"; ,,მიკრობიოლოგიური გამოკვლევა პაროდონტის დაავადებების უნიმაგით მკურნალობის დროს"; ,,ჯანმრთელი მძღოლი VS უსაფრთხო  მოძრაობაა“; ,,ფარმაციის აქტუალური საკითხები“  და სხვა.

კონფერენციას ესწრებოდნენ თურქეთის დელეგაცია  ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის და სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ ნეშე პოლატის ხელმძღვანელობით და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია, პროფესორ სეირან კოჩარიანის ხელმძღვანელობით.

კონფერენციაზე აღინიშნა  საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, პროფესორ რევაზ კვერენჩხილაძის დაბადებიდან 70 წლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ასოცირებული პროფესორის მ. აღნიაშვილის მოღვაწეობის 55 წლის იუბილე.