აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც პროფესორ გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა

აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც პროფესორ გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა


2019 წლის 26 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.

სხდომა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსსუ-ის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე, რომელმაც ისაუბრა პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილის ღვაწლზე, მის მიერ ჯერ კიდევ 50-70 წლის წინ  უნიკალური ტექნიკით შესრულებულ   ურთულეს ოპერაციებზე და წაკითხულ საინტერესო ლექციებზე, ზოგადად, მის როლზე საქართველოში ქირურგიის განვითარების საქმეში. 

სხდომაზე წარმოადგინეს პროფესორ მამუკა გონჯილაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში სულ ახლახან ჩატარებული უნიკალური ოპერაციების კადრები და აღინიშნა, რომ პილორუსშემანარჩუნებელი პანკრეატოდუოდენური რეზექცია და საყლაპავის ამოკვეთა  ლაპაროსკოპიული მიდგომით საქართველოში აქამდე არ შესრულებულა. წარმოდგენილმა ვიდეო- მოხსენებებმა დამსწრე  კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

აუდიტორიას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მან აღნიშნა ბატონი გოგი  ბოჭორიშვილის  ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის დიდი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ უდიდესია მისი წვლილი  სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქართული ქირურგიული სკოლის განვითარების ისტორიაში. 

გოგი ბოჭორიშვილის სახელობის სტიპენდიატმა, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა, ქეთევან გუგულაშვილმა, საინტერესოდ ისაუბრა ღვაწლმოსილი პროფესორის ცხოვრებისეულ დეტალებზე (პროფესორ გ. ბოჭორიშვილის სახელობის  სტიპენდია 2016 წლიდან გაიცემა თსსუ-ის წარჩინებულ სტუდენტზე).

საღამოზე ბატონი გოგის შესახებ ისაუბრეს მისმა სტუდენტებმა, კოლეგებმა: აკადემიკოსმა რომან შაქარიშვილმა, პროფესორებმა: ამირან გამყრელიძემ, გოგი კაკოიშვილმა,  ბესიკ იაშვილმა, თამაზ ჩხიკვაძემ... მათ თბილად გაიხსენეს დიდი ქართველი ქირურგი, ისაუბრეს მის მიერ შექმნილი ქირურგიული სკოლის დიდ მნიშვნელობაზე სამამულო მედიცინის განვითარებაში. ისაუბრეს, ასევე, ბატონი გოგის შესანიშნავ ოჯახზე, მის მეუღლეზე, ქალბატონ მედეა ბარამიძეზე და შვილებზე - საყოველთაოდ ცნობილ მედიკოსებზე, პროფესორ გოგი და რევაზ ბოჭორიშვილებზე და ნანა ბოჭორიშვილზე. 

დასასრულს, წარადგინეს დოკუმენტური ფილმი ბატონი გოგის ცხოვრებასა და საქმიანობაზე. პროფესორმა გოგი ბოჭორიშვილმა (უმცროსმა) მადლობა მოახსენა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატსა და გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიულ საზოგადოებას მისი მამის ღვაწლისა და ხსოვნის პატივისცემისთვის.