ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2022”

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Geoanesthesia 2022”

2022 წლის 22-25 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „Geoanesthesia-2022” გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები, ტოქსიკოლოგები და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, ასევე მოწვეული სპიკერები: გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წარმატებული, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში პრაქტიკული მედიცინის, სამედიცინო განათლებისა და  მედიცინის მეცნიერებების  განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან „Geoanesthesia-2022”-ის სპიკერები იყვნენ: პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, პროფესორი ლევან რატიანი, პროფესორი ივანე ჩხაიძე და ასისტენტ-პროფესორი ეკა ქურდაძე.

კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ საინტერესოდ, ღრმად და დეტალურად იქნა წარმოდგენილი დარგში არსებული  აქტუალური საკითხები, მიღწევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე სესია იყო გამოყოფილი ექთნებისთვის, სადაც განხილულ იქნა თანამედროვე მედიცინის გამოწვევები საქართველოში საექთნო პროფესიის განვითარების თვალსაზრისით.

კონფერენცია ორგანიზებული იყო „ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის“ მიერ აჭარის მთავრობის, სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.