დიდი ქართველი ექიმის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან ასი წელი გავიდა

დიდი ქართველი ექიმის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან ასი წელი გავიდა

ქართველი ინფექციონისტს, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ვახტანგ ბოჭორიშვილს 2024 წლის 25 მარტს ასი წელი შეუსრულდებოდა.  რთულია საქართველოში მოიძიო ადამიანი, ვისაც ამ დიდი ქართველი ექიმის და მეცნიერის შესახებ ერთხელ მაინც არ სმენია. 

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924 წლის 25 მარტს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. სკოლის დამთავრებისთანავე, წარჩინების დიპლომით, უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ჯგუფში.  რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ ბოჭორიშვილმა ექიმობა გადაწყვიტა და 38 წლის ასაკში ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში  ჩააბარა.  სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის სამხედრო ექიმად მუშაობდა, შემდეგ მან მოღვაწეობა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე განაგრძო.

1969 წლიდან ვახტანგ ბოჭორიშვილი თბილისში გადმოვიდა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას  ჩაუდგა სათავეში. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს,  ვახტანგ ბოჭორიშვილმა ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი, რამაც ფაქტობრივად, რევოლუციური შედეგი მოიტანა. მან პირველმა შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც  სიკვდილიანობის შემცირება განაპირობა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელს უკავშირდება სეფსისის  საწინააღმდეგო  რესპუბლიკური ცენტრის შექმნა, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. 1970–1973 წლებში ბატონი ვახტანგი იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის  მინისტრი, ხოლო 1990 წლიდან იყო ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე. 1989 წელს ბატონი ვახტანგი ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1999 -2002 წლებში ის გახლდათ  საქართველოს მე-5  მოწვევის პარლამენტის წევრი. 

ბატონი ვახტანგი გამორჩეული იყო პიროვნული ტალანტით, ნათელი აზროვნებით, კეთილგონიერებით, ადამიანური თვისებებით, საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით. ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი სავსებით სამართლიანად იკავებს საპატიო ადგილს მეოცე საუკუნის გამორჩეულ ქართველთა შორის.