მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

2019 წლის 25 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ცნობილი ექიმის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო შედგა. ღონისძიებას მისი კოლეგები და ყოფილი სტუდენტები ესწრებოდნენ.

საიუბილეო საღამო გახსნა და ქალბატონი მარიამ გრიგალაშვილი მოიგონა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინაშე მარიამ გრიგალაშვილს  განსაკუთრებული ღვაწლი გააჩნია. ის პირველი ქალბატონი იყო, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობა დაიკავა და 12 წლის განმავლობაში სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. მარიამ გრიგალაშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ვეტერანი იყო. ის ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიის დამაარსებელია საქართველოში. ზურაბ ვადაჭკორიამ ასევე აღნიშნა, რომ მარიამ გრიგალაშვილი მისი საყვარელი პედაგოგი და მენტორი იყო.

მარიამ გრიგალაშვილის მოღვაწეობაზე, მის პიროვნულ ღირსებებზე, უზარმაზარ ღვაწლზე სტუდენტებისა და მედიცინის განვითარების მიმართულებით ისაუბრეს მისმა კოლეგებმა, სტუდენტებმა და ოჯახის წევრებმა: თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ, პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულების თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ შიშნიაშვილმა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა-პროფესორმა ლია ძიძიგურმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა რუსუდან კვანჭახაძემ, მარიამ გრიგალაშვილის შვილებმა: თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგმა ნინო ხვედელიანმა და ჩაჩავას კლინიკის ექიმმა მანანა ხვედელიანმა.

საღამოს თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია უძღვებოდა. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს მომღერალმა ლაშა ღლონტმა და თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდმა.

ღონისძიების ბოლოს, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნის პატივსაცემად  წარმოდგენილი იქნა თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  პროფესორ ნანა გელაძის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტური ფილმი - ,,მარიამ გრიგალაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

საიუბილეო საღამო დასრულდა სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის მიერ შესრულებული სპექტაკლით - "სიკვდილი ღრუბლებში", რომელიც მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

იხილეთ ნიუპოსტის სტატია

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია