პროფესორ მერაბ კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

პროფესორ მერაბ კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

                                                                                                                                                                                                                                                                                სამი წლის წინ ქართველი საზოგადოება გამოეთხოვა ქვეყანაში ლაპაროსკოპიული ქირურგიის ლიდერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის #1 ქირურგიული დეპარტამენტის პროფესორს, ბატონ მერაბ კილაძეს, რომლის სახით საქართველომ დაკარგა თანამედროვე ქირურგიული ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღირსეული პიროვნება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა კი – ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი ლიდერი, სამაგალითო პროფესორი, მაღალინტელექტუალური ექიმი და საამაყო კურსდამთავრებული. 

29 მაისს მშობლიურმა უნივერსიტეტმა მერაბ კილაძის ხსოვნის საღამოს უმასპინძლა, რომლის ორგანიზატორები, ასევე, იყვნენ საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი თენგიზ ჩართოლანი და ქართულ-იტალიური კლინიკის დირექტორი, პროფესორი დავით აბულაძე. შეხვედრაზე ასევე, მერაბ კილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის რე დაქტორმა, ბატონმა მამუკა ნაცვალაძემ, მის შინაარსობრივ მხარეზე ისაუბრა. 

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, გულთბილად გაიხსენა წარმატებული პროფესორი, მაღალი კვალიფიკაციის კომპეტენტური და წარმატებული ქირურგი, მუდამ პროფესიული სიახლეებისა და ინოვაციებისკენ რომ მიისწრაფვოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ბრწყინვალე პიროვნების მრავალწახნაგოვან ბუნებას და ნიჭიერებას.

დიდი ქართველი ექიმი ასევე მოიგონეს: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა ბოხუამ; კლინიკა - ,,კარაპს მედლაინის” მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, დავით ელგანდაშვილმა; თსსუ-ის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია თომაძემ, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიის #1 დეპარტამანტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ლომიძემ, მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დიმიტრი კორძაიამ, პროფესორებმა: მერაბ კილაძემ, თენგიზ ჩართოლანმა, ლადო ჭიპაშვილმა, გია ხვადაგიანმა, გიორგი გეგელაშვილმა, სიყვარულით გაიხსენეს თავიანთი კოლეგა, რაინდული სულის პიროვნება, ქირურგიის ვირტუოზი, ადამიანებისა და ქირურგიის დიდი სიყვარულით გამორჩეული პიროვნება. 

საღამოზე აჩვენეს ტელეკომპანია ,,პულსის” მიერ გადაღებული სატელევიზიო ფილმები, რომელიც ბატონი მერაბის საქმიანობის და ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებს ასახავდა.

დასასრულს, გიორგი კილაძემ, აუდიტორიას მადლობა გადაუხადა მამის ხსოვნის პატივისცემისა და დაფასებისთვის; მისი აღნიშვნით, რომ არა ოჯახისადმი მათი მხარდაჭერა და თანადგომა, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ უდიდესი ტრაგედიის გადატანა.