საქართველო თამბაქოს გარეშე

საქართველო თამბაქოს გარეშე

 
   
2018 წლის 29 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში , „საქართველო თამბაქოს გარეშე“ - დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება: გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან.შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ და მათი  მოწოდება  იმისკენ, რომ  ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  და პრევენცირებადი პრობლემა აღმოიფხვრას და გათავისუფლდეს საზოგადოება თამბაქოს კვამლისგან.

ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას მიესალმა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე. პროფესორმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მნიშვნელობას აღნიშნული ინიციატივის მიღებასა და აღსრულების პროცესში:

„ნიშნანდობლივია რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში იმართება, ვინაიდან ჩვენ, მედიცინის მუშაკები და მომავალი სპეციალისტები ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს, როგორც ჯანმრთელობისთვის,  ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებული აქტივობით ჩაერთვება თამბაქოს მოხმარების შემცირების კამპანიაში.“

თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეულ პრობლემებზე და  თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შესახებ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ბატონმა კაკი ზოიძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა გუგული მაღრაძემ. საკუთარი აზრი გაუზიარა და თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებისკენ აუდიტორიას მოუწოდა ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილემ -  ქალბატონმა მაია ლაგვილავამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ აუდიტორიას წარუდგინა თამბაქოს მოხმარების გამკაცრებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ძირითადი ცვლილებები ეხება თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ივანუშამ აღნიშნა თამბაქოს მოხმარების კუთხით ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა, თუმცა რეგულაციების გატარების შემდეგ, დადებით შედეგებს მოელის:
„მართალია მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდრეკილია თამბაქოს მოხმარებისკენ და ინდუსტრიაც თავისუფლად ახდენს სარეკლამო არხების გამოყენებას, მაგრამ ის რომ ქვეყანაში მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შედის ეს უკვე დიდი წარმატებაა.“
გაცნობებთ, რომ  თამბაქოს  კონტროლის პოლიტიკის გამკაცრება და ახალი რეგულაციების გატარება 2018 წლის 1 მაისიდან იგეგმება.