ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას სტუმრობდნენ

ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას სტუმრობდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვილნიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები: ვაივა ჰენდრიქსონი - მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, კატერინა ბორტკევიჩი - ამავე ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და  არტურას სალტისი - სტუდენტთა საქმეების ოფისის ხელმძღვანელი სტუმრობდნენ. აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმპლემენტაციის გაცნობა გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის. აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა პროფესორ ვაივა ჰენდრიქსონის მიერ  გასულ წელს თსსუ-ში სტუმრობის პერიოდში, როცა იგი უნივერსიტეტის სხვა აქტივობებთან ერთად თსსუ-ის ამერიკულ პროგრამას გაეცნო. 

სტუმრების ვიზიტის ფარგლებში შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციულ გუნდთან, აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან. ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ რექტორის აპარატის უფროსს, ქნ. ირინა კაპეტივაძეს და საერთაშორისო სტუდენტთა მიღების დეტალებზე და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. ასევე, პროგრამის ამერიკულ მხარესთან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან გაიმართა სკაიპ-კონფერენცია, დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ნაბიჯები.