წიგნის გამომცემელმა უნებართვოდ ისარგებლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით.

2017 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის  ირაკლი ნადირაძის რედაქტორობით გამოვიდა წიგნი „ონკოლოგია“ (II), რომლის თავფურცელზე მითითებულია “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი” და  საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, რაც წიგნის შეძენის მსურველს და პოტენციურ მკითხველს აფიქრებინებს, რომ ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების რეკომენდებით  გამოიცა, ანუ დაცულია ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც სახელმძღვანელოს გამოცემას სჭირდება. აღნიშნული  პროცედურა განსაზღვრულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 23 მარტის #24/3 დადგენილებით დამტკიცებული წესით „საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო ლიტერატურის შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურში“.  ვინაიდან, აღნიშნული წესი დაცული არ არის,  ეს იმას ნიშნავს, რომ  წიგნის გამომცემელმა უნებართვოდ ისარგებლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით. 

შემდგომში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით წიგნის გამოცემის   მსურველებს მივმართავთ თხოვნით,  დაიცვათ  ამისათვის საჭირო ყველა სამართლებრივი პროცედურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით სარგებლობა.