ისტორია

ფარმაცევტულ განათლებას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1919 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტთან დაარსდა ფარმაცევტული განყოფილება. 1922 წელს იგი გადაკეთდა ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებად და სამკურნალო ფაკულტეტის ნაცვლად ჩამოყალიბდა პედაგოგიურ ფაკულტეტთან. 1925 წელს ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი. 1930 წელს ეს ფაკულტეტი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახლად გამოყოფილ, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შემადგენლობაში. 1937 წელს ფაკულტეტი გარდაიქმნა თბილისის ფარმაცევტულ ინსტიტუტად, რომელმაც იარსება 1948 წლის სექტემბრამდე. შემდეგ ის კვლავ შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს და დღემდე არსებობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემადგენლობაში ფარმაციის ფაკულტეტის სახით.

მეცნიერული ფარმაციის ფუძემდებლები

 
 


 
 მარცხნიდან მარჯვნივ: პავლე ჭუმბურიძე, ედვარდ აბოლი, იოველ ქუთათელაძე

ფარმაცევტული ინსტიტუტის რექტორი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე. დარგის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით პროფესორებს: ნიკოლოზ მასხულიას, პავლე ჭუმბურიძეს, არისტარხ მშვიდობაძეს, ვალერიან შოთაძეს, ედუარდ აბოლს, ვლადიმერ ასათიანს, პეტრე გელბახიანს, ლინა ერისთავს, ლევან ჩხატარაშვილს, ბიძინა ჭუმბურიძეს.

 
პავლე ჭუმბურიძე, იოველ ქუთათელაძე,  ედვარდ აბოლი, ნიკოზ მასხულია, 
ვალერიან შოთაძე, ვალოდია ხუხუნია და სხვ.


 
ფარმაკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრთა ჯგუფი მცხეთაში, 1968 წელი

ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანები იყვნენ: პროფესორი პავლე ჭუმბურიძე (1938-1944), პროფესორი არისტარხ მშვიდობაძე (1946-1973), დოცენტი ლევან ჩხატარაშვილი (1973-1977წლები), პროფესორი რომან მახარაძე (1977-1990, 1991-1996), ასოცირებული პროფესორი იპოლეტე მონიავა (1990-1991), პროფესორი ალიოშა ბაკურიძე (1996-2005), პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე (2005-2006), ასისტენტ-პროფესორი ნინო ნემსიწვერიძე (2006-2007), პროფესორი დალი ბერაშვილი (2007–2020), ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე (2020 წლიდან დღემდე).

სასწავლო პროცესის რეორგანიზაციის შედეგად, 1996 წელს შეიცვალა უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე პირთა კვალიფიკაცია - ნაცვლად “პროვიზორისა”, მათ ეწოდათ “ფარმაცევტი”. შემუშავდა ფარმაცევტის მომზადების კონცეფცია, მომზადდა ახალი ერთსაფეხურიანი სასწავლო პროგრამა. სტრუქტურული ცვლილებები შეეხო ფარმაცევტული ფაკულტეტის პროფილურ კათედრებსაც: “ფარმაცევტული ქიმიის” კათედრისა და “ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდები ტოქსიკოლოგიური ქიმიით” კურსის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა  “ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის კათედრა”; “ფარმაცევტული საქმის ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრას” ეწოდა “სოციალური და კლინიკური ფარმაციის კათედრა”. 2006 წლიდან კათედრებს ეწოდა დეპარტამენტები.

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ამჟამად ფარმაცევტული განათლება სამ საფეხურიანია: ბაკალავრიატი - 4 წელი, მაგისტრატურა - 2 წელი და დოქტორანტურა - 3 წელი.

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ხორციელდება საუნივერსიტეტო და პროფილური დეპარტამენტების ბაზებზე. პროფილური დეპარტამენტები - ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის მიმართულება,  სოციალური და კლინიკური ფარმაციის - 2016 წლიდან  განთავსებულია   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე–4 სასწავლო კორპუსში.

თსსუ ფარმაციის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის უნივერსიტეტებთან: ლიეჟის უნივერსიტეტთან (ბელგია), კვებეკის პროვინციის შიკუტიმის უნივერსიტეტთან (კანადა), მარსელის და ტულუზის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი),ლუბლიანას (სლოვენია) და ლუბლინის და ვარშავის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტთან, სადაც სტაჟირება გაიარა ფაკულტეტის ათეულობით თანამშრომელმა, დოქტორანტმა და სტუდენტმა. შესრულდა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სადისერტაციო ნაშრომები, რაც აისახა გამოქვეყნებულ შრომებსა და ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებში.