Teddy Bear Hospital - თეთრი ხალათის შიშის დაძლევა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ა.წ 16 ივნისს ,12:00-დან-17:00 -მდე , GMSA(საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციცია), YSU(ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება), EMSA(ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია), სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი „ვიტალისი“, ივ.თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და თსსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო საციალური პროექტი „Teddy Bear Hospital“, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ექიმებთან მათი არაფორმალური ურთიერთობებით, მათთან ერთად ზოგადი, და ამავდროულად, მათ ასაკთან შესაბამისი, სამედიცინო განათლების მიღებით, ეხმარება 4-8 წლის ბავშვებს ექიმისა და სამედიცინო გარემოს მიმართ შიშის დაძლევაში.

პრობლემა და მისი აქტუალურობა 

ბავშვების დამოკიდებულება პედიატრების და ზოგადად თეთრი ხალათის მიმართ ძირითადად ნეგატიურია. კვლევებზე დაყრდნობით ამ უხილავი ბარიერის არსებობა გამოწვეულია სამი ძირითადი მიზეზით:

1. მშობლის მიერ სამედიცინო პერსონალის არასწორი ინტერპრეტაციით, რა დროსაც მშობელი ბავშვის დამორჩილების მიზნით, ექიმისა და არასასიამოვნო სამედიცინო პროცედურების მიმართ შიშით მანიპულირების ხერხს მიმართავს, რაც ბავშვის, როგორც პაციენტის, ფსიქოლოგიას ნეგატიურად განაწყობს. 

2. სამედიცინო პერსონალის მიერ არასათანადო დამოკიდებულება, ბავშვის, როგორც პაციენტის, მიმართ, რაც წარმოქმნის ან კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ექიმისა და არასასიამოვნო სამედიცინო პროცედურების მიმართ შიშს.

3. ექიმთან იშვიათი გეგმიური ვიზიტები ზრდის ბავშვის უნდობლობას სამედიცინო პერსონალის მიმართ. ზემოთ აღნიშნული პრობლემა დღევანდელობაში მეტად აქტუალურია, რადგან ექიმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანდაცვის ხარისხს, ზრდის ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პრევალენტობასა და ინციდენტობას.

ეს პროექტი იქნება კიდევ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

დასწრება თავისუფალია.