მთავარი

ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია CV

სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი ჩამოყალიბდა (თსსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის N23/3 დადგენილების თანახმად) სამეცნიერო უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ბაზაზე (ყოფილი ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი). ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი დაარსდა 1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის პროფესორ დიმიტრი გედევანიშვილის მიერ. მან დიდი როლი შეასრულა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ გაფორმებაში, თანამშრომელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი ყოველთვის ეწეოდა როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო მუშაობას, მეორეს მხრივ კი, იგი იყო თსსუ-ის კათედრების ექსპერიმენტული სამუშაოების დასაყრდენი ბაზა. ამგვარად, იგი წლების განმავლობაში თსსუ-ში წარმოადგენდა სამეცნიერო-ექსპერიმენტულ და სამეცნიერო პოტენციალის კონცენტრირების, სპეციალიზირების და კოოპერირების საფუძველს.
ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გივი დუმბაძე, ვადიმ სააკაძე, დავით თელია, რამაზ ჩიხლაძე, ზაზა ბერიშვილი, ზურაბ კაკაბაძე, რომელთა ძალისხმევითა და ხელმძღვანელობით თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო ფორუმებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში და ა.შ. ინსტიტუტში სრულდებოდა ათასობით სამეცნიერო შრომები, გამოგონებები, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; გამოცემული აქვთ მონოგრაფები, სახელმძღვანელოები და ა.შ.
2008 წელს კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტს შეუერთდა კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც 2010 წელს კვლავ გამოეყო მას, ხოლო კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ნაცვლად მას ეწოდა სამეცნიერო უნარ-ჩვევების ლაბორატორია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ეკა ბერიშვილი. 
ამჟამად, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორია ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.   
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრი ჩამოყალიბდა MUMEENA-ს პროექტის ფარგლებში. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევის საფუძვლების კურსის განხორციელება და  სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება, სტუდენტთა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა.
  ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიზნად ისახავს სტუდენტებში განავითაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების და ცოდნის გამოყენების უნარები; სამედიცინო პრაქტიკაში ბიოსამედიცინო კვლევის პრინციპებისა და მეთოდების გამოყენების, კრიტიკული ანალიზის, სწორი დასკვნების გაკეთების და  მათი პრაქტიკაში განხორციელების უნარები. სტუდენტები აღნიშნული კურსის ფარგლებში  სწავლობენ კრიტიკულ/მეცნიერულ აზროვნებას, სტუდენტის სამეცნიერო ინტერესის სფეროში ინფორმაციის მოძიებას არსებული სამეცნიერო რესურსებიდან, კრიტიკულ კითხვასა და ანალიზს, სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა-ჩატარებას, კვლევის  შედეგების ინტერპრეტაციას და დისემინაციას.
      სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით თსსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევარები  მუდმივად იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშიროსო სამეცნიერო კონგრესებში/კონფერენციებში, ასევე, მათი ხელმძღვანელობით სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში იბეჭდება ახალგაზრდა მეცნიერების სამეცნიერო პუბლიკაციები.
     სამეცნიერო უნარ-ჩვევების კურსის სწავლების ძირითადი მიზნები და სტრატეგიები ასოცირდება  მსოფლიო სამედიცინო განათლების  - AMEE - ს (AMEE  -  RESME - Research Essential Skills in Medical Education) ძირითად პრინციპებსა და მიდგომებთან.
   სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ  მომზადდა და დაიბეჭდა: მეთოდური რეკომენდაციები – „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები“ (2014წ.); საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული `მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული კონფერენციების  მასალები (2015-2017 წლები); მეთოდური რეკომენდაცია _ „ბიოსამედიცინო კვლევის პრაქტიკული საკითხები“, ორიგინალური სახელმძღვანელო – „მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგია და უნარ-ჩვევები“ (2016წ), ხოლო მის განახლებულ გამოცემას („სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და უნარ-ჩვევები“, 2018წ.) დაემატა ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე კვლევების, ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის საკითხები, კვლევის მონიტორინგის, მისი ხარისხის შეფასების საკითხები. 2020 წელს კი ცენტრის აკადემიური პერსონალის მიერ მომზადდა და გამოიცა რიგით მესამე სახელმძღვანელო სახელწოდებით - „ბიოსამედიცნო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები“. წინა (2018 წლის) გამოცემას დაემატა სამეცნიერო საძიებო ბაზებთან დაკავშირებული სიახლეები, სტატისტიკური ანალიზის პროგრამის - SPSS-ის, მეტაანალიზის და სისტემური მიმოხილვის საკითხები; სამედიცინო დეონტოლოგიის და იატროგენიის საკითხები; ინფორმაცია პლაგიარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ელექტრონული პლატფორმების  და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ.  2021 წელს გამოცემული იქნა ახალი ელექტიური საგნის - „ლაბორატორიულ ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევის ჩატარების პრინციპები“-ს სწავლებისთვის მეთოდური რეკომენდაციები „ლაბორატორიაში მუშაობის და ექსპერიმენტულ ცხოველებზე წარმოებული კვლევის საკვანძო საკითხები“ (ავტორები: ლ.გაბუნია, ქ.ღამბაშიძე), რომელიც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, დოქტორანტების და ბიოსამედიცინო კვლევებით დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.
  მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების  და საერთაშორისო სამედიცინო განათლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეცნიერო კვლევის საფუძვლების სწავლებას დაემატა პრაქტიკული საბაზისო ექსპერიმენტულ-ლაბორატორიული უნარების სწავლების საკვანძო საკითხები, რაც, თავის მხრივ, მომავალში ხელს შეუწყობს მომავალი ექიმების მეცნიერებით დაინტერესებას.  
      სამედიცინო სფეროს პროგრესი ეფუძნება უწყვეტი განათლების პრინციპს, რაც კლინიკური უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ინტენსიურ სამეცნიერო საქმიანობის საჭიროებას გულისხმობს. ამასთანავე, დღესდღეობით არსებობს სტუდენტების  კვლევით საქმიანობაში ჩართულობის მზარდი მოთხოვნა. სწორედ ამიტომ სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში ჩამოყალიბდა სტუდენტთა  სამეცნიერო-კვლევითი კლუბი „ენდევორი“ (ENDEAVOR). კლუბის სახელწოდება მუდმივი სწრაფვისა და ძიების პროცესს უკავშირდება. სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნიერო კვლევის მიმართ ინტერესის გაღვივებას სამეცნიერო სფეროს პოპულარიზაციის გზით. კლუბის ძირითად ამოცანაა სტუდენტების ჩართვა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად. აღნიშნული კლუბი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს კვლევების ორგანიზებაში, სამეცნიერო სტატიის საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით გამოქვეყნებაში, შესაბამისი სამეცნიერო პორტალისა თუ კონფერენციის/სიმპოზიუმის მოძიებაში, როგორც კვლევის ჩატარებასთან, ისე მის პუბლიკაციასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეების დაძლევაში. სტუდენტური კლუბი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მეცნიერებით დაინტერესებული პირები დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება და კვლევასთან დაკავშირებული იდეები. ეს გაადვილებს ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტების ორგანიზებას, რომელთა განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ინდივიდუალური აქტივობის ფარგლებში. სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით სამეცნიერო კლუბის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული პროექტები  ეფექტიანი იქნება როგორც თსსუ-ის სტუდენტების ინდივიდუალური კარიერული ზრდის თვალსაზრისით, ასევე, მთლიანად უნივერსიტეტის ეროვნული თუ  საერთაშორისო პრესტიჟისთვის. 


 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დებულება