ჩვენს შესახებ

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას გლობალური მასშტაბით.

 სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს განვითარების თითქმის ოცდაათ წლიანი ისტორია აქვს. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ინგლისურ ენაზე განათლებას იღებენ: 1996 წლიდან - მედიცინის ფაკულტეტზე; 2008 წლიდან - ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე; 2013 წლიდან -ფარმაციის ფაკულტეტზე, 2017 წლიდან - სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 
2012 წლიდან მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე უცხოეთის მოქალაქეებისთვის დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის რუსულენოვანი პროგრამები ამოქმედდა. 
2018 წელს თსსუ-ში გაიხსნა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტი, რომელსაც 2019 წელს სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამები შეუერთდა, აქედან გამომდინარე სახელიც შეიცვალა და გახდა - მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი.

ამჟამად, თსსუ-ში 3500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 84 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრალია, ავღანეთი, ალჟირი, აზერბაიჯანი, აშშ, ანტიგუა და ბარბუდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბრაზილია, ბუტანი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერაყი, ესპანეთი, ესტონეთი, ერიტრეა, ვანუატუ, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, იემენი, ინდოეთი, იორდანია, ირანი, ისრაელი, ირლანდია, იტალია, კანადა, კოსტა-რიკა, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, ლიტვა, მალაიზია, მალდივები, მაროკო, მექსიკა, მიანმარი, მოზამბიკი, ნეპალი, ნიგერია, ნორვეგია, პალესტინა, პაკისტანი, პორტუგალია, რუანდა, რუსეთი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, სამხრეთ სუდანი, საუდის არაბეთი,  საფრანგეთი,  სენტ-კიტსი და ნევისი,   სვაზილენდი, სირია, სინგაპური, სომალი, სომხეთი, სუდანი, სურინამი, ტანზანია, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფილიპინები, ფინეთი,  ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, შრი-ლანკა, ცენტრალური აფრიკა, ჩადი, წმინდა ლუსია, ჰონდურასი.
 
2012 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაიხსნა და აქტიურად ვითარდება საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც შემუშავდა გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიასთან (UniMan) ერთად. პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა ორმაგი დიპლომი - ქართული და ფრანგული, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების და სწავლის გაგრძელების არეალს აფართოებს და მიმზიდველს ხდის. 

2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და UniMan -ის ძალისხმევით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე შეიქმნა ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - „საზოგადობრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“.

2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამოქმედდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც  შემუშავდა და განხორციელდა ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) მედიცინის სკოლასთან ერთად. 

ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრის AZW (ავსტრია) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წელს ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამა ექთნებისთვის, რომელიც ქართველ ექთნებს საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიარონ და საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ ავსტრიის კლინიკებში.

ამჟამად, თსსუ-ის პარტნიორია 120-ზე მეტი უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკა მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან; მათთან თანამშრომლობა რეგულირდება ორმხრივი ხელშეკრულებებით და/ან  ერთობლივი საერთაშორისო პროექტებით (ERASMUS+, HORIZON, და სხვა).

ზემოაღნიშნული პროგრამებით ყოველწლიურად უნივერსიტეტის 300-ზე მეტი სტუდენტი, რეზიდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მონაწილეობს მოკლე თუ გრძელვადიან მობილობის პროგრამებში განათლების დიპლომამდელ, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
უცხოეთის სამედიცინო უნივერსიტეტებიდან თსსუ–ს საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირებაზე ჩამოდიან უცხოელი სტუდენტებიც. 2018 წლიდან დღემდე თსსუ-კლინიკებში სტაჟირება გაიარა 162 საერთაშორისო სტუდენტმა (ავსტრია,   გერმანია,  კანადა, უნგრეთი, ნორვეგია,  ბელორუსია საფრანგეთი, იტალია, ყაზახეთი, ეგვიპტე, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა,  პოლონეთი, ბულგარეთი). 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეტანილია WHO-ის და IMED-ის საერთაშორისო დირექტორიებში.  თსსუ-ის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის/სკრინინგ ტესტის ჩაბარების შემდეგ (USMLE, PLAB, YOK და სხვა) ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ნებისმიერ ქვეყანაში.

2012 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების მოწვევას. ამ პროგრამის ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი პროფესორების 600-მდე ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორებმა წაიკითხეს თემატური ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა დარგში, ჩაატარეს კონსულტაციები და საქველმოქმედო ოპერაციები თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

საინტერესო და დინამიკური საგანმანათლებლო პროგრამები, კვალიფიციური პროფესურა, ეფექტური მენეჯმენტი, განათლებისა და საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მაღალი სტანდარტი, თანამედროვე საგანმანათლებლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე მზარდი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორებია.


საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
თინათინ  კილასონია