თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და  ქირურგიის N2 დეპარტამენტის პროფესორი გია თომაძე  ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში პროფესორები ეწვივნენ თურქეთის მემორიალის ქსელის სათავო კლინიკას ქალაქ სტამბოლში.  გაეცნენ ქირურგიულ და ტრანსპლანტაციურ კლინიკებს, მათი მენეჯმენტის პრინციპებს, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გზები.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 23-25 ივლისს, პროფესორმა გია თომაძემ მონაწილეობა მიიღო სამდღიანი სემინარის - ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის პრაქტიკულ საკითხები, მუშაობაში, პროფესორი ერთ-ერთი სესიის თავმჯდომარეც გახლდათ. სემინარი ჩატარდა თურქეთის ტრანსპლანტაციის ფონდის ორგანიზებით სტამბოლში. მას ესწრებოდა მსოფლიოს 67 ქვეყნის წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში  განხილეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები, მათ შორის გვამური დონაციის მიმართულებით.


"ტრანსპლანტაციის ინტერნაციონალურ ქსელთან თანამშრომლობა  გვპირდება რომ შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას ქსოვილოვანი ტიპირების ლაბორატორია, რაც საფუძვლად დაედება ორგანოს გადანერგვის მომლოდინეთა სიის შექმნას. სემინარის შემდგომ, მომავალი საკითხების დაგეგმვისას, დაფიქსირდა საქართველოს სურვილი უმასპინძლოს რეგიონალურ სემინარს, რომელიც მიეძღვნება გარდაცვლილი დონორის დეტექციასა და მენეჯმენტს" - აღნიშნავს პროფესორი გია თომაძე.