პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში გაივლიან

2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს ხელი მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან დაესწრნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ-ის ვიცე-რექტორი კლინიკური საქმიანობის მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, თსსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე,  თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე, თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი თამარ სტეფანიშვილი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მხრიდან მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ „საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დავით ტორუა და დაგეგმარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.

მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ „საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მიერ წარდგენილი ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსის“  მსმენელები სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში გაივლიან, კერძოდ თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკისა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.  

აღნიშნული კურსის მსმენელები იქნებიან საქართველოში აკრედიტირებული სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებული, დიპლომირებული მედიკოსები. 

კურსი სწავლების პრაქტიკულ ნაწილში ითვალისწინებს მსმენელის მიერ ორი 24-საათიანი მორიგეობის შესრულებას სტაჟიორად, პედიატრიული კლინიკის გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებაში და ოთხი 24-საათიანი მორიგეობის შესრულებას სტაჟიორად, კლინიკის მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) განყოფილებაში.

სტაჟირების შემდეგ, მორიგე ექიმები სტაჟიორის შეფასების სპეციალურ ფორმას შეავსებენ და ცენტრს წარუდგენენ. 

შეხვედრაზე ბატონმა ავთანდილ თალაკვაძემ თსსუ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს სსიპ საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს, აღნიშნული პროექტი კი მნიშვნელოვანია როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ასევე საგანგებო სიტუაციათა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემისთვის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის.

იხილეთ ბმულები ამ თემაზე:

ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი 

ტელეკომპანია მაესტროს სიუჟეტი 

ანონსი IPN-ზე

სიახლე PIA-ზე 

სიახლე EPN-ზე

სიახლე EXCLUSIVE NEWS-ზე